2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს კლიმატი გაუარესდა – BAG ინდექსი

2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს კლიმატი გაუარესდა – BAG ინდექსი
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ PMCG კვლევით ცენტრთან ერთად BAG ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, BAG ბიზნეს კლიმატი 4.5 ქულით გაუარესდა. აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა 6.1 ქულით, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი გაუარესდა 2.8 ქულით.
2023 წლის IV კვარტალის შედეგები ასევე გაუარესებულია 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, როდესაც BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 44.4-ს, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 37.6-ს, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის ქულა 51.4-ს შეადგენდა.
2021 წლის I კვარტალიდან BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი დადებითია და 2023 წლის III კვარტალამდე უმჯობესდებოდა (ზრდადი ტენდენციის შემდეგ, 2023 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუარესებულია).
ასევე, 2023 წლის IV კვარტალში, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს. 2023 წლის IV კვარტალში, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 44.0 ქულა შეადგინა, მათ შორის, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი 37.5, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელი 50.7 ქულაა.