მიკრონეზიაში მდებარე ქვეყანა ნაურუმ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ამის შემდეგ მსოფლიოში დარჩა 12 სახელმწიფო, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ ტაივანთან როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან.
ნაურუს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცდილობს განაახლოს ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც ტაივანს საკუთარ პროვინციად მიიჩნევს. „პოლიტიკის ამგვარი ცვლილება ნაურუს განვითარებაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – განაცხადა ქვეყნის ხელმძღვანელობამ.
ჩინეთი მიესალმა ნაურუს გადაწყვეტილებას. მისი სურვილი, აღადგინოს კავშირები ჩინეთთან, „კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ‘ერთი ჩინეთის’ პრინციპი ესაა ის, საითაც მიემართება მსოფლიო აზრი და საითაც იხრება ისტორიის რკალი“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Associated Press-ის თანახმად, ტაივანში ნაურუს ელჩისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. „ვერაფერს ვიტყვი. ამის შესახებ ჩემმა მთავრობამ გამოაცხადა. მითხრეს, ბარგი ჩავალაგო და წავიდე“, – უთხრა მან სააგენტოს.
ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ნაურუმ ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიიღო. არჩევნებში გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელსაც უფრო რადიკალური პოზიცია აქვს ჩინეთის მიმართ.
ნაურუმ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები უკვე გაწყვიტა 2002 წელს, მაგრამ 2005 წელს კვლავ აღადგინა ის. ამჟამად ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს გაეროში შემავალ 11 სახელმწიფოს და ვატიკანს.
ნაურუ შედის იმ ხუთ სახელმწიფოში, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას ცნობენ.