რეჟიმმა და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ, გამოხატულად თქვა, რომ ის არის სუსტი და ეშინია ეროვნული ძალების სამართლიან არჩევნებში , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ კოალიციის სახელით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველო ძლიერ სახელმწიფოდ ევროკავშირში გაწევრიანებითა და საქართველოს რეალური სუვერენიტეტის დაბრუნებით ჩამოყალიბდება.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით, გვინდა გავაკეთოთ განცხადება იმ ე.წ. სარჩელზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში.
რეჟიმმა და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ, გამოხატულად თქვა, რომ ის არის სუსტი და ეშინია ეროვნული ძალების სამართლიან არჩევნებში.
28 ოქტომბერს, 35 წლის წინ საქართველოში პირველად ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები კომუნისტური რეჟიმის პირობებში და საქართველომ მოახდინა და მოიპოვა დამოუკიდებლობა. ახლა ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის.
პარტიები, ეს არის ინსტრუმენტი დემოკრატიისთვის, სხვა შემთხვევაში ხელისუფლებებსა და რეჟიმებს ცვლის ხალხი. მილიონამდე საქართველოს ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იქნება ჩვენი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ბერკეტს, ყველაფერს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს და ეროვნული ძალები მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, ვინაიდან საქართველოს ისე, როგორც არასდროს სჭირდება ერთიანობა და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რომელიც აუცილებლად მოხდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით და საქართველოს რეალური სუვერენიტეტის დაბრუნებით.
დღეს თუ ვინმე გვართმევს სუვერენიტეტს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, ბრძოლა იქნება ბოლომდე, საქართველოს გამარჯვებამდე!“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.




