მოსამართლემ უალტერნატივოდ ჩათვალა, რომ ხაბეიშვილი ციხეში უნდა დარჩეს, მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის წინ, ფულის გათეთრებაზე, ყოფილ მაღალ თანამდებობის პირზე, რომელსაც გავლენები გააჩნია და მძიმე ბრალდება, პროკურატურა საუბრობდა რომ გირაო საკმარისია. ცალსახაა, რომ პოლიტიკური კონტექსტია ამ საქმეში, უკანონოდ იყო პატიმრობა გამოყენებული [ლევან ხაბეიშვილის მიმართ], – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლომ დასაბუთების და არგუმენტების გარეშე გაუგრძელა ლევან ხაბეიშვილს პატიმრობა.
„პროკურატურამ დამატებითი დრო მოითხოვა, ვინაიდან მათი განმარტებით არ აქვთ შეგროვებული საკმარისი მტკიცებულებები, იმისთვის რომ არსებითი განხილვა დაიწყოს.
ისინი ატარებენ ლევანის მიერ გაკეთებული ინტერვიუების ექსპერტიზას, რომ ლევანი არის ნამდვილად, ლევანის ხმა არის. ღიმილის მომგვრელია… ასევე საუბარია, რომ ტელეფონიდან უნდა ამოვიღოთ ინფორმაციაო.
ალბათ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ მიაჩნიათ საჭიროდ რომ არსებითი განხილვა დაიწყოს.
დღეს, მოსამართლემ უალტერნატივოდ ჩათვალა, რომ ლევან ხაბეიშვილი უნდა დარჩეს ციხეში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მიიმალება, ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, მაშინ როდესაც რამდენიმე დღის წინ, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, ფულის გათეთრებაზე, ყოფილ მაღალ თანამდებობის პირზე, რომელსაც გავლენები გააჩნია და მძიმე ბრალდება გააჩნია, პროკურატურა საუბრობდა რომ გირაო საკმარისია. ცალსახაა, რომ პოლიტიკური კონტექსტია საქმეში, უკანონოდ იყო პატიმრობა გამოყენებული. როგორიც არის პოლიტიკური დაკვეთა, ისეთ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და პროკურატურა. აქ აუცილებელია პატიმრობა, მეორე შემთხვევაში, უფრო მძიმე პირობებში კი გირაო“,- აღნიშნა კონდახიშვილმა.
ცნობისთვის, ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.




