IFCS 2025 – კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი

4 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება — კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი IFCS 2025 გაიმართება.
ფესტივალი უკვე ცხრა წელია ინარჩუნებს საერთაშორისო დონის პლატფორმის სტატუსს, რომელიც აერთიანებს სპეციალისტებს, პროფესიონალებს, სტუდენტებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც აინტერესებს კიბერუსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული მიმართულებები. IFCS გახდა ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდება ცოდნა, გამოცდილება და ტექნოლოგიური სიახლეები.
ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებით პრაქტიკულ და ინტერაქტიულ ფორმატს იძენს. მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებულ სესიებს და გაეცნონ იმ მიდგომებს, რომლითაც ორგანიზაციები საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბით უმკლავდებიან ახალ გამოწვევებს.
2025 წელს IFCS ფესტივალის განრიგი შემდეგ სესიებს მოიცავს:
· რედ თიმინგის პრაქტიკული ლაბი;
· BlueTeam vs Hackers;
· ფიშინგ შეტევები;
· პრაქტიკული კიბერუსაფრთხოება ორგანიზაციებისთვის CIS კონტროლების მიხედვით;
· Hands-On: Building a Secure Multi-Account AWS Network with Transit Gateway and EKS.
როგორც საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტისა და IT ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი სულხან სულხანიშვილი აღნიშნავს:
„კონფერენციის იდეა რვა წლის წინ გამიჩნდა მეგობარ ლადო სვანაძესთან ერთად. გვინდოდა შეგვექმნა საერთო სივრცე, სადაც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ერთმანეთს გაუზიარებდნენ ცოდნასა და საუკეთესო პრაქტიკას. დღეს IFCS უკვე იქცა ბრენდად – ყოველწლიურად იზრდება ინტერესი და მონაწილეთა რაოდენობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომი დარჩეს – დასწრება თავისუფალია და საკმარისია დარეგისტრირდეთ, რათა მოუსმინოთ წლევანდელ ყველაზე აქტუალურ თემებს.“
IFCS 2025-ს წელს სასტუმრო „ტელეგრაფი“ უმასპინძლებს. ღონისძიება დაიწყება 4 ნოემბერს, 10:00 საათზე და გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.