„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მოსამართლე ნანა შამათავამ პატიმრობაში დატოვა. ადგილზე თათბირით გამოცხადებული გადაწყვეტილებით, მან კვლავ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.
დღეს, 28 ოქტომბერს, სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა – საგამოძიებო უწყება ლევან ხაბეიშვილის საქმეზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად დამატებით დროს ითხოვდა. ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა მოსამართლე ნანა შამათავამ.
სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა პოლიტიკოსმა და ბრალის აბსურდულობაში დასარწმუნებლად მოსამართლეს სხვა აქციების სახელებზე ესაუბრა:
„როცა საუბარია აქციის სახელწოდებაზე – „ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა“, პოლიტიკოსებს გვჩვევია, როცა ვირუსულად გვინდა რამის გაგრძელება, ვიფიქრებთ სლოგანებს.
თქვენც გინახავთ აქცია „ცეცხლი ოლიგარქიას“, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ცეცხლი უნდა წავუკიდოთ ყველას და ნავთი უნდა დავასხათ?! ცხადია, არა!
გინახავთ აქცია „სისტემა უნდა დაინგრეს“ – გგონიათ, რომ პერფერატორით უნდა მივადგეთ კანცელარიას და უნდა დავანგრიოთ?!
ეს არ არის ნორმალური!..“
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მისი საჯარო განცხადებები, რომელთა გამოც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ჯდება ქართულ კანონმდებლობაში:
„პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების გამო იყოს ტუსაღობაში, გაუგებარი რამეა“.
მან მოსამართლე შამათავას უთხრა, რომ არ აქვს სამართლიანი სასამართლოს იმედი, რადგან ფიქრობს, რომ ქართული სამართლიდან „ამოღებულია ადამიანი“ და „ნაგავშია გადაგდებული“.
„სასამართლო არ უნდა იყოს დაწესებულება, სადაც ადამიანი რომ მოდის, უნდა ელოდებოდეს გილიოტინაზე აყვანას და ჩამოხრჩობას – მე აქ რომ მოვდივარ, მინდა მქონდეს 0,5% იმედი, რომ სამართალს ვიპოვი, პატარას, სადღაც იმედის მარცვალი რომ მქონდეს, რომ ვიპოვი სამართალს…
ადამიანები რომ განვითარდნენ, სამართალი განვითარდა და უფრო ჰუმანური გახდა ადამიანზე ორიენტირებული გახდა, მაგრამ ვერ ვპოულობ სამართალს, ორი თვეა ვზივარ, რის გამო – ჩემს თავზე როცა ვსაუბრობ, მოვიაზრებ ყველა სხვა დაკავებულებსაც, რომლებიც ციხეში პროტესტის გამო სხედან…“ – თქვა ხაბეიშვილმა.
პოლიტიკოსის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ საქმის განხილვა არა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო გადაიდო.
„ალბათ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ მიაჩნიათ სწორად, რომ დაიწყოს საქმის განხილვა, თორემ სად გინახავთ, რომ პროკურატურა ნერვიულობდეს მტკიცებულებებზე – რასაც მოიტანენ, ის საქმე გადის ამ სასამართლოში… როგორი პოლიტიკური დაკვეთაცაა მიღებული, ისეთ გადაწყვეტილებას იღებს პროკურატურაც და სასამართლოც“, – თქვა მან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, აქციასა და ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის „$200 000-ის შეთავაზების“ ბრალდებით.
ბრალის წაყენების შემდეგ გაირკვა, რომ მას ედავებიან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასაც. ამ ორივე ბრალით, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
13 სექტემბერს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა, რომელმაც თავდაპირველად გასცა ხაბეიშვილის დაკავების განჩინებაც, პოლიტიკოსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამით მან სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, ადვოკატების მოთხოვნა კი ნაწილობრივაც კი არ დააკმაყოფილა – დაცვის მხარე ითხოვდა ხაბეიშვილს პატიმრობის ნაცვლად დასწესებოდა სხვა ყველა შეზღუდვა: გირაო, სახლიდან გაუსვლელობა, სამაჯური და აეკრძალათ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაც კი.
ფიქრია სიქტურაშვილი მოსამართლედ 2025 წლის ივლისში დაინიშნა. მანვე მიიღო პატიმრობაში მყოფი ქალი მასწავლებლის, ნინო დათაშვილისთვის, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება.სიქტურაშვილის ქმარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.
4 ოქტომბერს, როცა დედაქალაქში ხალხმრავალი აქცია გაიმართა, დემონსტრანტების ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრა. პოლიციამ იმავე ღამით დააკავა აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
· 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
· 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
· 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
· 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს აჭარბებს.
ფორუმი




