მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ მმართველი რეჟიმი მთლიანად აუქმებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, აქვს რაღაც ყალბი პარლამენტი, რომელსაც არავინ აღიარებს მთელ მსოფლიოში და შენ ამას შეუერთდები, ეს დინების წინააღმდეგ ცურვა კი არა, სიყალბის მდინარესთან მიერთებაა, რაც გააკეთა გახარიამ – ის გაიქცა საქართველოდან, ახლა ისევ მივიდა თავის პატრონთან და მუხლმოდრეკილი ევედრება, პარლამენტში შემოვალ, „გავაპრავებ“ შენ ვითომ პარლამენტსო, – ასე აფასებს „კოალიცია ცვლილებების“ წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ ბოიკოტის შეწყვეტას და მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას.
როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, როგორც ჩანს, გახარია „ქართული ოცნებისგან“ შორს არსად წასულა და პარლამენტში მათი დღევანდელი გამოჩენაც ამას ადასტურებს.
„პირველ რიგში, მე ამას დავუკავშირებდი ბოლო, თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს, სადაც გახარიამ თავისი ამომრჩევლების 70% დაკარგა. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ეს არის ნამდვილი ელექტორალური კოლაფსი. როგორც ჩანს, როდესაც პოლიტიკური პარტიები კარგავენ საკუთარი ამომრჩევლის ასეთ ნდობას და უარყოფილო არიან საკუთარი მხარდამჭერების, მათთვის ყოველთვის რჩება ადგილი „ქართული ოცნების“ რიგებში.
ის, რომ დღეს შედიან ამ ე.წ. პარლამენტში, ამ პოლიტიკური ძალის „პრინციპებისადმი“ ერთგულებას კარგად ადასტურებს. ისინი ამბობდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიანიჭებდნენ ლეგიტიმაციას ამ ყალბ პარლამენტს და დღეს შედიან პარლამენტში – ამომრჩეველმა განსაჯოს. ვფიქრობ, ის 70%, რომელიც მათ ბოლო არჩევნებზე დააკლდათ, გადაიქცევა კიდევ უფრო დიდ და დამთრგუნველ რიცხვად. იცით, რა, დინების წინააღმდეგ ცურვა რთულიც არის და რიგ შემთხვევაში ძალიან დასაფასებელიც, როდესაც ეს არის უსამართლობის დინება და შენ სიმართლის სახელით შეეწინააღმდეგები ამას. მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ მმართველი რეჟიმი მთლიანად აუქმებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, აქვს რაღაც ყალბი პარლამენტი, რომელსაც არავინ აღიარებს მთელ მსოფლიოში და შენ ამას შეუერთდები, ეს დინების წინააღმდეგ ცურვა კი არ არის, არამედ სწორედ სიყალბის მდინარესთან მიერთებაა, რაც გააკეთა გახარიამ. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი მარცხის და კოლაფსის შემდგომი ნაბიჯი გახარიას პარტიის მიერ გადადგმული, ის ქართველი ამომრჩევლის მხრიდან სათანადოდ შეფასდება და ვფიქრობ, რომ ასეთი ოპოზიციური პარტია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უბრალოდ აღარ არსებობს. ის გახდა რეჟიმს ნაწილი. ის სისტემური ოპოზიციაც აღარ არის“, – განაცხადა წიკლაურმა.
მისი თქმით, გახარია თავისი პარტიის პარლამენტში შესვლით ცდილობს გამოისყიდოს მისი წუთიერი წინააღმდეგობა, რომელიც ჰქონდა „ქართულ ოცნებასთან“.
„ის გაიქცა საქართველოდან, აღარ ჰქონდა სურვილი ჩართულიყო პროცესებში უშუალოდ, ახლა ისევ მივიდა თავის პატრონთან მუხლმოდრეკილი და ევედრება, პარლამენტში შემოვალ, „გავაპრავებ“ შენ ვითომ პარლამენტს. ეს იმისთვის, რომ ეპატიოს ის პირადი წყენები რაც არსებობს ივანიშვილს და მის ყოფილ პრემიერს შორის“, – განაცხადა წიკლაურმა.
რაც შეეხება პარტიების გაუქმების საკითხს, წიკლაურის განცხადებით, ყველანაირი ლოგიკა, პოლიტიკურიც და მათ შორის, ქართველი ხალხის მიერ თავისუფლებისთვის ბრძოლის ლოგიკა მიუთითებს იმაზე, რომ არავინ შეეგუება საქართველო გახდეს ერთპარტიული და იყოს აზიური დესპოტიის მსგავსი.
„ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და თუ ვინმე არის ახლა ისეთი, ვინც იმპულსს აძლევს პოლიტიკურ პარტიებს და ყველას, ის ადამიანები არიან, რომლებიც არ ეპუებიან ამ რეჟიმს. 30 წლის განმავლობაში ბევრჯერ მინახავს, რომ ადამიანები ქუჩაში გამოსულან, მაგრამ უპრეცედენტო და უნიკალურია ის ამბავი, რომ ამ რაოდენობის პროტესტანტი ციხეში გაცნობიერებულად შედის.
საზოგადოებრივი ჯგუფები, აქტიური ადამიანები, მწერლები, ჟურნალისტები, მომღერლები, ყველა, მთელი ქართული საზოგადოება უნდა გაუპირისპირდა და პრინციპში, ეს ხდება კიდეც, მაგრამ ეს მოძრაობა უნდა გახდეს უფრო ფართო. სიმართლე გითხრათ, იქ ნაკლებად ვხედავ სტუდენტებს და მახსოვს, რომ სხვა დროს, სტუდენტობა უფრო აქტიური იყო, მაგრამ ახლა, როდესაც ივანიშვილის ეს მსახვრალი მახვილი უკვე განათლების სისტემასაც შეეხო, მათ ევროპულ უნივერსიტეტებში გაგრძელების საშუალება აღარ ექნებათ.
ეს ნუგზარ წიკლაურისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა კი არ არის ან რომელიმე ლიდერისთვის იმის თქმა, რომ შენ ვერსად ჩაერთვები, არამედ ეს ეხება ყველას – როდესაც გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, ის ეხება ყველა ადამიანს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ამასთან, მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ რეალური, იდეური მხარდამჭერი, სულ უფრო და უფრო, უმცირდება.
„როდესაც შენი იდეური მხარდამჭერთა რაოდენობა მცირდება, პოლიტიკური დისკუსიაც აღარ გაწყობს. რა საჭიროა ვიღაც გამოდიოდეს ტელეეთერით, უსმენდნენ სხვა ადამიანები და თქვან, მართალია ეს კაცი რასაც ლაპარაკობსო. როდესაც იქნება ერთი ბელადი, ის ბელადი შეიძლება ვერც ნახო ხანდახან, მის გადაწყვეტილებებს გაგვაცნობენ სხვა ყმა გლეხები და პოლიტიკური მონები და გამომხმაურებელი არავინ იქნება. კარგად მინდა ყველამ გაიგოს, ეს არ არის პარტიების აკრძალვა, არამედ ეს არის ჟურნალიზმის, მწერლობის, ევროპასთან თანაზიარობის აკრძალვა. ეს არის უარის თქმა ყველაფერზე, რაც ქართულ ტრადიციულ კულტურას განასახიერებს“, -განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მისი თქმით, ახლა არის სხვა ბრძოლა, რომელსაც სჭირდება მეტი ერთიანობა. წიკლაურის თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტია, საზოგადოებრივმა ჯგუფმა უნდა შეძლოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების გამონახვა, განსხვავებების მიუხედავად.




