უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი სანქციები რუსეთს დააზარალებს, თუმცა უკრაინას მაინც სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, რათა ვლადიმერ პუტინს მშვიდობის დამყარება აიძულონ.
უკრაინის პრეზიდენტმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სანქციები ცვლილებას მოიტანს, თუმცა პუტინი არ დანებდება, თუ ტრამპი ზეწოლას არ გააძლიერებს.
„პრეზიდენტი ტრამპი შეშფოთებულია ესკალაციით. თუმცა, ვფიქრობ, რომ თუ მოლაპარაკებები არ იქნება, ესკალაცია მაინც იქნება. ვფიქრობ, რომ თუ პუტინი არ შეჩერდება, გვჭირდება რაღაც, რაც მის შესაჩერებლად გამოდგება. სანქციები ერთ-ერთი ასეთი იარაღია, მაგრამ ასევე გვჭირდება შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი რუსეთზე ზეწოლას ეხებოდა.
„ვფიქრობ, მას სურდა მათზე ზეწოლა, მაგრამ არ სურდა ესკალაცია ან დიპლომატიისთვის ფანჯრის დახურვა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
გამოცემა წერს, რომ ზელენსკი მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების საფუძვლად ფრონტის ხაზების გაყინვის შესახებ ტრამპის წინადადებას მიიღებდა.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ არსებული სიტუაცია უნდა გავყინოთ და ვისაუბროთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
Axios-ი წერს, რომ დონალდ ტრამპმა შეხვედრის შემდეგ საჯაროდ გაუსვა ხაზი ამ იდეას. თუმცა, მას შემდეგ, რაც პუტინი თავის უფრო მაქსიმალისტურ პოზიციაზე დარჩა – და მას შემდეგ, რაც გასულ კვირას სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და მის რუს კოლეგას შორის სატელეფონო საუბარმა იმპულსის შექმნა ვერ შეძლო – ტრამპმა მკვეთრად შეცვალა პოზიცია.
ზელენსკის თქმით, პუტინის სერიოზულ მოლაპარაკებებში ჩართვის გზა უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში სამხედრო და ენერგეტიკულ სამიზნეებზე დარტყმის შესაძლებლობის მიცემაა.
მისი ინფორმაციით, ტრამპს უთხრა, რომ უკრაინას რაკეტების დაუყოვნებლივ გამოყენებაც კი არ დასჭირდება, რადგან თუ პუტინს ეცოდინება, რომ მოლაპარაკებების არ გამართვა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებული პრობლემების შექმნის რისკს ქმნის, მაშინ ის ისაუბრებს.
„მხოლოდ Tomahawk-ებზე არ ვსაუბრობთ. აშშ-ს ბევრი მსგავსი რამ აქვს, რაც წვრთნისთვის დიდ დროს არ მოითხოვს. ვფიქრობ, პუტინთან მუშაობის გზა მხოლოდ ზეწოლაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.




