ქეთევან თურაზაშვილი ნათია თურნავას მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ ის პარლამენტში ინტერპელაციის წესით პირველივე სასესიო კვირას მივა

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ ის პარლამენტში ინტერპელაციის წესით პირველივე სასესიო კვირას მივა.
თურაზაშვილის თქმით, ნათია თურნავას პარლამენტში ინტერპელაციის საკითხი „მოქალაქეებმა“ პარლამენტის თავმჯდომარესთანაც დააყენეს.
საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეები“ თურნავას ინტერპელაციის წესით მისვლას პენსიონერების პრობლემებთან დაკავშირებით ითხოვს.
„მივმართავ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტს, ნათია თურნავას. ქალბატონო ნათია, უამრავი პენსიონერი ახალ წელს პრაქტიკულად მშიერი შეხვდა… ამ ადამიანებს არ ეზეიმებათ, რადგან მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო პენსიაა, რომელიც ბანკს მიაქვს თაღლითური სქემით.
თქვენ შეგიძლიათ სწორი გადაწყვეტილებით შეუქმნათ ყველაზე დიდი საჭიროებების მქონე ადამიანებს ნამდვილი დღესასწაული.
ჩვენ, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეებს“ გვაქვს მოლოდინი, რომ ინტერპელაციის წესით თქვენი ვიზიტი პარლამენტში პირველივე სასესიო კვირაში შედგება და ამ თხოვნით ჩვენ საჯაროდ პარლამენტის თავმჯდომარესაც მივმართავთ, რადგან სწრაფ რეაგირებას პენსიონერებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დროს ე.წ. საშეღავათო პერიოდის მიცემით, ბანკმა ცალმხრივად გადაწყვიტა პენსიონერების სესხები სამუდამოდ გაგრძელდეს. დიახ, სამუდამოდ, რადგან 80 წელს გადაცილებულ ადამიანს 5 და 6 წლით წამლისა და მკურნალობისთვის აღებულ სესხს რომ უხანგრძლივებ, ნიშნავს, რომ მთელ დარჩენილ ცხოვრებას ხარკის გადახდას ავალდებულებ, ბოლო ლუკმას ართმევ!
გაგიზიარებთ ბოლო დღეებში მიღებულ რამდენიმე პირად შეტყობინებას, დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია.
მწერს ქალბატონი: „მქონდა სესხი აღებული, რომელსაც 2021 წელში ვამთავრებდი. ვინაიდან პირველი კოვიდის დროს 3 თვის პენსია მომცეს, სრულად გადამიწიეს 3 წლით. მე არც მესიჯი მომსვლია ამის თაობაზე, არც დაურეკავთ ისე გადამიწიეს თურმე 3 წლით. კიდევ მთელი წელიწადი უნდა ვიხადო 70 ლარი“
პენსიონერი თელავიდან: „ქალბატონო ქეთი 2010 წლის ნოემბერში ავიღე სესხი 1600 ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა და მოვრჩი ამ სესხის გადახდას აგვისტოში. ახლა გავარკვიე, რომ კიდევ მქონია 900 ლარი გადასახადი და ეს გაგრძელდება 2025 წლამდე. მითხრეს, რომ ჩემი სესხის აღების შემდეგ, 2 თვეში ამიღია ახალი სესხი 220 ლარი. ამის საჭიროება არ მქონდა და ზუსტად ვიცი, სესხი არ ამიღია. მაგრამ გამახსენდა, რომ ერთხელ მივედი ბანკში პინკოდის ასაღებად. საერთოდ შიგნით არასდროს შევდივარ, ბანკომატიდან ვიღებ ჩემს პენსიას. პენსია არის 220 ლარი. როცა მივედი პინკოდის ასაღებად, ოპერატორმა მითხრა – თქვენ შეგიძლიათ პენსიაც წინასწარ გაიტანოთო. როგორ, მერე პრობლემა არ იქნება მეთქი? არაო. ავიღე 217 ლარი. ეს იყო 23 თებერვალს. 28 თებერვალს გარდამეცვალა მეუღლე. შემდეგ 16 მარტს ჩამერიცხა თანხა და ამიღია 215 ლარი ბანკომატიდან. გამიკვირდა, ვიფიქრე ლტოლვილთა სამინისტრომ ჩარიცხა, რადგან მეუღლე გარდამეცვალა და მქონდა განცხადება დაწერილი. აქ დავუშვი შეცდომა, რომ არ გამოვიძიე, რა თანხა იყო, მაგრამ ჩვენ ხომ პენსიონერები ვართ და ვენდობით ბანკს. რატომ ჩარიცხეს? მეგონა, რომ მოვრჩი ჩემს სესხს და კიდევ ორი წელი უნდა ვიხადო 900 ლარი. 2017 ლარი გამიხადეს 900 ლარი. როგორ მოვიქცე, აღებული მაქვს მოტყუებით პენსია წინასწარ და არა სესხი.“
მწერს ქალბატონი თერჯოლიდან: „ჩვენს რაიონში თუ ოჯახში ორი პენსიონერია, ერთის პენსია მთლიანად ბანკს მიაქვს.
მამაკაცი იმერეთიდან: „ვარ პენსიონერი,მეორე ჯგუფის ინვალიდი,საპენსიო სესხის ხელშეკრულება ბანკმა არ ამომიწერა, ვერ მოგცემთო, ადრე ვიღებდი პენსიას და პროცენტთან ერთად თავიც აკლდებოდა, ახლა ოთხი წელია მარტო პროცენტს მიხსნიან და ძირი არ აკლდება, არც გადაკეთებას მიკეთებენ.“
ამ ხალხს სჭირდება დროული პასუხი. პენსიონერების ძარცვა უნდა შეწყდეს“,- აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.
ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას პარტია „მოქალაქეების“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ეგზიტპოლებს ჩამოჩოთქამენ” მდინარაძე დათვლის, წილოსანი გააპრავებს სანამ მისი გონება გაწვდება. ლაშხი მასონებს და ილუმინატებს მოიგერიებს, შათირიშვილი დიფსთეითს დაცხებს…” – გიორგი ფოფხაძე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – აშშ-ის მხრიდან ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის რადიკალურად დესტაბილიზაციას გამოიწვევს