ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია

სუპერლიგის გურჯაანში პარასკევს დაწყებული მე-3 ტური დღეს ბათუმში დასრულდა. ერთმანეთს 2 დაუმარცხებელი გუნდი შეხვდა. ბათუმს, რომელსაც აქამდე 2-დან 2 გამარჯვება ჰქონდა, 3 მოგების მქონე კსუ-კავკასია ესტუმრა. ორივე გუნდმა კარგი სტარტი აიღო და შეხვედრასაც საკმაო ინტერესი ახლდა. გამარჯვებული გუნდი სუპერლიგის გამორჩეულ ფავორიტებში ეწერებოდა და ეს სტატუსი ბათუმელებს ერგოთ, რომლებმაც კსუ-კავკასია 12 ქულის სხვაობით – 76:64 დაამარცხეს.
ბათუმმა ისე იმარჯვა, არც უნერვიულია. თანაც, ზღვისპირელებს მხოლოდ 2 ლეგიონერი ჰყავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი ქართველი მოთამაშეებს არ უჩივის. ამერიკელები – მაირინ ტომასი და ჯერემი შოუ საკმაოდ ძლიერები არიან, თუმცა ქართველები რომ არ ყოჩაღობდნენ, შორს ვერ წავიდოდა. პირველი პერიოდის 17:12 მოგების შემდეგ მასპინძლებმა მეორე ათწუთეული 26:17 იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე ხელჩასაჭიდი ლიდერობით გავიდნენ.
ვითარება არც მეორე ნახევარში შეცვლილა. ბათუმელები ისე მივიდნენ გამარჯვებამდე, რომ მეტოქემ ჩამორჩენის 8 ქულაზე ნაკლებით შემცირება ვეღარ შეძლო. საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, ვითარება მოედანზე არ დაძაბულა. გამარჯვებაში ყველაზე სოლიდური წილი მაირინ ტომასმა დაიდო, რომელმაც 26 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ჯერემი შოუს. აკაკი დვალიშვილი ბათუმელებს 9 ქულით, 9 მოხსნითა და 2-2 დაფარება-პასით შეეწია. კსუ-ში 19 ქულით საუკეთესო იყო ქსავიერ ბელი. 7 ქულა და 7 მოხსნა ნიმაია ბენსონის ანგარიშზეა.
სუპერლიგაში 2 დაუმარცხებელი გუნდი დარჩა – ქუთაისი და . ორივეს 1-ით ნაკლული, 2-2 მატჩი აქვთ გამართული. შემდეგ ტურში ქუთაისი თსუ-ს უმასპინძლებს, ხოლო ბათუმი ვსა-ს დიღომში ესტუმრება.
სუპერლიგის მორიგი, მე-5 ტური 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს 5 ქალაქში – ზესტაფონში, ტყიბულში, თბილისში, ქუთაისში და რუსთავში გაიმართება!
GBF
“ქუთაისმა” რუსთავში იმარჯვა, “ორბმა” ტყიბულში თსუ-ს სძლია
ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ