პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს უნივერსიტეტის შენობის საქმეზე

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა.
“საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო.
გამოძიების მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით”, – აცხადებენ პროკურატურაში.
საქართველოს უნივერსიტეტის თანადამფუძნებელია ს დედა გიული ალასანია. ეს უნივერსიტეტი ბოლო პერიოდია ვერბალური შეტევების ობიექტია მმართველი პარტიიდან.
დავით გურგენიძემ მისი ქონებიც დაყადაღებაც მოითხოვა.
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია გამოეხმაურა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიერ მათი უნივერსიტეტის ქონების დაყადაღებისა და ჩამორთმევის მოთხოვნას.
თოფურიას თქმით, ამ საქმეს სამართლებრივად არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.
„ფორმულასთან“ კომენტარში უნივერსიტეტის რექტორმა ისაუბრა საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ არსებულ კამპანიაზე, რომელიც დაარსების დღიდან არსებობს.
მისი განცხადებით, არსებული ქონება საქართველოს უნივერსიტეტმა ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა.
„სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა აქვს იმიტომ, რომ, როგორც გახსოვთ, ბატონი გურგენიძე ამბობდა, რომ სამართლებრივად ვერაფერს გავხდებითო. საქართველოს უნივერსიტეტს ყველაფერი კანონიერად აქვს შეძენილი ეკონომიკის სამინისტროდან და თვითონ გურგენიძე, წულუკიანის კომისიაზე ითხოვდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ.
რაც შეეხება ახლა შეძენას, ეს არის უტიფარი ტყუილი, რომელიც წლების განმავლობაში მეორდება. ჩვენ არაერთხელ სასამართლოში შევიტანეთ, გავასაჩივრეთ ეს, თუმცა რა თქმა უნდა, რეაგირება ამას არ ჰქონია. ეს ქონებები, თვითონ გურგენიძეც აღიარებს და მისი პრორექტორი კოპალიანიც აღიარებს, რომ იყო თავის დროზე რამდენიმე მილიონად შეძენილი. როცა საუბრობენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს კაპიკი არ მიუღიაო, ეს ლოგიკურია. წულუკიანმაც განუმარტა, რომ ეს ქონებები ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა და შემდეგ ფული შეუვიდა ეკონომიკის სამინისტროს.
ეს ქონებები იყო არა ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრება, არამედ ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება, ეს იყო დაუმთავრებელი მშენებლობები, აქ არასოდეს “გეპეი” არ ახორციელებდა სასწავლო საქმიანობას, არც კვლევით საქმიანობას, ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს დაუმთავრებელი მშენებლობები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა და საქართველოს უნივერსიტეტმა რამდენიმე მილიონად შეიძინა.
საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ კამპანია არის დაწყებული პრაქტიკულად უნივერსიტეტის დაარსების მომენტიდან, ეს “ერთი ლარის თემა” სულ ისმოდა წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, მერეც. ბოლო ერთი თვეა უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა ეს კამპანია, თუმცა მანამდეც არ ვიყავით განებივრებული მათი უყურადღებობით.
ზოგადად, როგორც ვთქვი, სამართლებრივად არანაირი პერსპექტივა ამ საქმეს არ გააჩნია. პოლიტიკურად და ზოგადად წინასწარ შეფასებას ვერ ვიტყვი, მაგრამ საქართველოს [უნივერსიტეტის] პოზიციები არის ძალიან მყარი, სამართლებრივად არის ძალიან მყარი. ეს ქონებები თავის დროზე -ის დახმარებით იქნა გარემონტებული და რეაბილიტირებული, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი საქართველოში, წარმოიდგინეთ, ეს იყო ცარიელი კარკასები, აქ არაფერი იყო და დღეს არის შექმნილი საუკეთესო უნივერსიტეტი.
ტექნიკურ უნივერსიტეტს რომ გადასცემოდა ეს ქონებები, ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი ბევრი ქონება აქვს, რომელიც ასევე მოუვლელია და გუშინ პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობაში არის უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა. ჯერ იმ შენობებს მოუარონ, რაც ჩაჰბარდათ, რაც გადასცა ეკონომიკის სამინისტრომ მათ და მერე იფიქრონ მიშენებებზე”,- განუცხადა კონსტანტინე თოფურიამ „ფორმულას“.