საქართველოში ზამთრის საბურავების დეფიციტია

საქართველოში ზამთრის საბურავების დეფიციტია
საქართველოს ბაზარზე როგორც ახალი, ასევე მეორადი ზამთრის საბურავების დეფიციტია. მიუხედავად ამისა, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იმპორტიორები აცხადებენ, ფასები არ გაზრდილა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.
კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელი ბაკური ხუნდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ახალ წესს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს კანონი არასწორია, რადგან სახელმწიფო პირდაპირ არ უნდა ერეოდეს მსგავს რეგულაციებში. მისვე თქმით, ევროპული სტანდარტი სრულიად სხვაგვარია.
„ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ეს საკითხი დაზღვევას აქვს გადაბარებული. იქ დაზღვევა სავალდებულოა და შესაბამისად, როდესაც ადამიანს არ აქვს ზამთრის საბურავი და უნდა მთასა და თოვლში მანქანით წასვლა, სადაზღვევო აფრთხილებს, რომ ავარიის შემთხვევაში, იგი ხარჯებს არ აანაზღაურებს. რა თქმა უნდა, საჭირო და აუცილებელია, რომ ყველა უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეს, მაგრამ კანონის ამ ფორმით შემოღება არ არის გამართლებული“, – განაცხადა ბაკური ხუნდაძემ.
„ავტობანის“ დამფუძნებელი ასევე ხაზს უსვამს ქართულ ბაზარზე შექმნილ ზამთრის საბურავების დეფიციტს, რომელიც კანონის შემოღებამ გამოიწვია, მაგრამ მისი თქმით, მოთხოვნის გაზრდას ფასის მატება არ მოჰყოლია.
„ჩვენ არ ველოდით, თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ზამთრის საბურავებზე და შესაბამისად, ამისთვის მზადაც არ ვიყავით. აქედან გამომდინარე, ბაზარზე დეფიციტია შექმნილი. ფასები დეფიციტის მიუხედავად დიდად არ გაზრდილა. ზოგი სარგებლობს ამ სიტუაციით, ხოლო ზოგი ადეკვატური ფასნამატით ყიდის საბურავებს“, – თქვა ბაკური ხუნდაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

სრულად bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ