ფორმულა: “ლაგი კაპიტალის” საქმეზე მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი უფროსები დააკავეს

ფორმულას ინფორმაციით, შპს ლაგი კაპიტალის საქმეზე მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელები დააკავეს.
საუბარია დავით ტაბიძეზე, რომელიც ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაშინ იყო, როდესაც კომპანიას საგამოძიებო უწყება ფონდის მხრიდან ავანსად ჩარიცხულ 9 მილიონ ლარს ედავება. ასევე დაკავებულია მისი პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და თამარ ქარდავა.

1 თვის წინ ფინანსურმა პოლიციამ დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ლაგი კაპიტალის საქმეზე 2 ორი ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი ბესიკ ბერძენიშვილი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შპს “ლაგი კაპიტალმა” სწორედ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული 11 ტენდერი მოიგო, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, თუმცა არც ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა. არ აშენებულა არც 4 სკოლა, რასაც კომპანიას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება ავალდებულებდა.