შვეიცარიის ქალაქ დავოსში, სადაც ცოტა ხანში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უნდა გაიმართოს, ამჟამად უკრაინისა და 82 სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით რუსეთ-უკრაინის ომზე კონფერენცია მიმდინარეობს.
ამგვარი კონფერენციები ადრეც იმართებოდა, თუმცა, როგორც Financial Times [FT] აღნიშნავს, დავოსში მონაწილათა რაოდენობამ იმატა. წინა ასეთ შეხვედრას მალტაში 65 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ასეთ შეხვედრებზე უკრაინის ხელმძღვანელობა საერთაშორისო საზოგადოებას ომის დასრულებაზე საკუთარ ხედვებს აცნობს და მათ მოსაზრებებს ისმენს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის თქმით, საუბარი „ძალიან ღია და კონსტრუქციულ“ ხასიათს ატარებს და მასში მონაწილეობენ ქვეყნები, „რომლებსაც მშვიდობის მხარეზე სურთ ყოფნა“.
მონაწილეთა შორის იყვნენ ინდოეთის, ბრაზილიისა და საუდის არაბეთის, ასევე ე.წ. გლობალური სამხრეთის სახელმწიფოები, რომლებიც ინარჩუნებენ ურთიერთობებს რუსეთთან და მიიჩნევენ, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს მოსკოვის უსაფრთხოების ინტერესები, აღნიშნავს FT. რუსეთის წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მიუწვევიათ, ხოლო ჩინეთმა უარი თქვა დასწრებაზე.
„რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირი აზრი გვაქვს, თუ როგორ შეიძლება მშვიდობის მიღწევა. თუმცა, [ყველა] ძალიან ერთიანი იმ ძირითადი პრინციპების მხარდაჭერაში, რომლებზეც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალი“, – აცხადებს ანდრიი ერმაკი.
თავად ვოლოდიმირ ზელენსკი კონფერენციას არ ესწრება, თუმცა დავოსს მალე ეწვევა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დამსწრეებს და აღნიშნა, რომ ასეთი კონფერენციები ამცირებს რუსეთის რწმენას, რომ დაუსჯელი დარჩება.
უკრაინისა და მისი მხარდაჭერების „სამშვიდობო ფორმულა“, კიევის დეკლარირებული პოზიციის მიხედვით, მდგომარეობს უკრაინის ტერიტორიის სრულ დეოკუპაციაში და 1991 წლის საზღვრების აღდგენაში.
გარეკანის ფოტო: © Euronews