ნაურუს ელჩი, ჯარდენ კეფასი, ტუვალუს ელჩი, ლიმასენე ტეატუ, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯოზეფ ვუ, ტაივანში ამერიკული ინსტიტუტის (AIT) დირექტორი, უილიამ ბრენტ ქრისტენსენი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, სანდრა ოდკირკი და მარშალის კუნძულების ელჩი, ნეიჯონ რემა ედვარდსი ტაიპეიში წყნარი ოკეანეთის კუნძულების დიალოგის გახსნისას, 2019 წლის 7 ოქტომბერი
ტაივანის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვებიდან 2 დღეში წყნარ ოკეანეთში მდებარე კუნძულოვანმა სახელმწიფომ, ნაურუმ განაცხადა, რომ მათ მიერ ტაივანის დიპლომატიური აღიარება ამიერიდან ჩინეთზე გავრცელდება.
15 იანვრით დათარიღებული განცხადების თანახმად, ქვეყანა ტაიპეისთან ყოველგვარ დიპლომატიურ კავშირს წყვეტს და და პეკინთან ურთიერთობის აღდგენას შეეცდება.
“პოლიტიკის ეს ცვლილება ნაურუს განვითარების წინსვლისთვის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია”. – ნათქვამია ნაურუს განცხადებაში.
წყნარი ოკეანეთის პატარა კუნძულოვანი ქვეყნის გადაწყვეტილებამ ტაივანში ნაურუს ელჩი გააკვირვა.
“არაფერი მაქვს სათქმელი. ეს ჩემმა მთავრობამ გამოაცხადა და მითხრეს, ჩაალაგე და წამოდიო”. – თქვა ელჩმა ჯარდენ კეფასმა.
ნაურუს გადაწყვეტილების შემდეგ, ქვეყნების რიცხვი, რომლებთანაც ტაივანს ოფიციალური დიპლომატიური კავშირი აქვს, 11-მდე შემცირდა. მათგან 7 ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში, 3 წყნარი ოკეანის კუნძულებზე, 1 კი აფრიკაში მდებარეობს. ტაიპეის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა აქვს ვატიკანთანაც.
ცნობისთვის, ნაურუ ერთ-ერთია იმ 5 ქვეყანას შორის, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) კანდიდატმა და ქვეყნის ამჟამინდელმა ვიცეპრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ გაიმარჯვა.
DPP-ის გამარჯვების შედეგად მმართველმა პარტიამ ზედიზედ სამი არჩევნები მოიგო, რაც ტაივანის ამჟამინდელი საარჩევნო სისტემისათვის უპრეცედენტოა. ლაის ორი მთავარი კონკურენტი ჰყავდა: ნაციონალისტური კუომინტანგის (KMT) კანდიდატი, ხოუ იუ-იჰი, რომელიც ჩინეთთან კომპრომისულ პოლიტიკას უჭერს მხარს და ტაივანის სახალხო პარტიის წევრი, ტაიპეის ყოფილი მერი, კო ვენ-ჯე. ორივემ აღიარა, რომ დამარცხდა და არჩევნებში ლაიმ გაიმარჯვა.
პეკინმა ლაი “ტაივანის დამოუკიდებლობის ელემენტად” გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ლაიმ კუნძულის დამოუკიდებლობა გამოაცხადოს, ჩინეთმა პირობა დადო, რომ მსგავსი ნაბიჯის შემთხვევაში ტაივანს ძალით შემოიერთებს და მოუწოდა ტაივანელ ამომრჩევლებს, არჩევანი გააკეთონ ომსა და მშვიდობას შორის.
ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.