უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი უკრაინის დელეგაციასთან ერთად დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სხდომაში მონაწილეობდა, რომელზეც უკრაინის “მშვიდობის ფორმულა” და რეგიონში მშვიდობის პერსპექტივა განიხილეს. კონსულტაციების შემდეგ, ერმაკმა თქვა, რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება ომის გაყინვას ან ტერიტორიულ კომპრომისზე წასვლას არასდროს დათანხმდება.
“ეს პრეზიდენტი და ეს ჯგუფი არასდროს დათანხმდება და არასდროს მიიღებს კონფლიქტის არანაირ გაყინვას. უკრაინული საზოგადოებისთვის ეს მიუღებელია… უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები. უკრაინას სჭირდება სამართლიანი მშვიდობა. უკრაინას სურს, ნებისმიერი პოტენციური აგრესია შეაფერხოს მომავალში და იყენებს ამ შესაძლებლობას”. – თქვა ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორები უკრაინისგან ტერიტორიულ კომპრომისებზე წასვლას არ ითხოვენ და არ ელიან.
“პარტნიორებმა უკვე იციან ჩვენი პოზიცია და პატივს სცემენ მას… მე ვმონაწილეობდი პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში, რომელიც მაღალ დონეზე გაიმართა, მათ შორის ლიდერებისაც, და არასდროს გამიგია, რომ ჩვენი პარტნიორებიდან ვინმეს განეხილა ჩვენი მხრიდან ნებისმიერი კომპრომისი, რაც ჩვენთვის მიუღებელია, მათ შორის ყირიმის საკითხიც”. – თქვა ერმაკმა.
ერმაკმა უკრაინის “მშვიდობის ფორმულის” შესახებ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შეჯამებისას თქვა, რომ გეგმის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ მონაწილე ქვეყნების მხრიდან მშვიდობის დამყარების “გულწრფელი” სურვილიც მნიშვნელოვანია.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც ერთვება, ნამდვილად და გულწრფელად უნდოდეს მონაწილეობის მიღება და ამ ომის დასრულებასა და მშვიდობის დამყარებაში დახმარება. თუმცა, არის განსხვავებული აზრები და წაროდგენები, ეს როგორ უნდა მოხერხდეს. სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა გამოცდილება აქვთ…”. – თქვა ერმაკმა.
BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 15 ნოემბერს, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. აქამდე, ფორუმის ორგანიზატორებმა დაანონსეს, რომ ზელენსკი პანელზე, “უსაფრთხოების მიღწევები და თანამშრომლობა ფრაგმენტირებულ მსოფლიოში”, სპეციალური სიტყვით გამოვა.
2022 წლის 15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ოცეულის (G20) სამიტზე უკრაინის “მშვიდობის ფორმულა” წარადგინა.
სამიტზე გამოსვლის შემდგომ, ზელენსკიმ საკუთარ Telegram-ზე დაწერა ის შემოთავაზებები, რაც უკრაინას აქვს და რომლებიც ხელს შეუწყობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას.
უკრაინის შემოთავაზებაში შედის: 1) რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება 2) საკვების უსაფრთხოება 3) ენერგეტიკული უსაფრთხოება 4) ყველა პატიმრისა და დეპორტირებული პირის გათავისუფლება 5) გაეროს ქარტიის იმპლემენტაცია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა 6) რუსეთის სამხედროების უკან გაწვევა და საომარი მოქმედებების შეჩერება 7) სამართლიანობის აღდგენა 8) ანტი-ეკოციდი 9) დამატებითი ესკალაციის თავიდან არიდება 10) ომის დასრულების საკითხის მოგვარება.
შემდგომ, საუდის არაბეთში 2023 წლის 5-6 აგვისტოს და მალტაში 28-29 ოქტომბერს “მშვიდობის ფორმულასთან” დაკავშირებული მოლაპარაკებები გაიმართა
რუსეთმა “მშვიდობის ფორუმში” მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგან ყველა პუნქტს ეწინააღმდეგება.