უწყვეტი პროევროპული აქციების კიდევ ერთ მონაწილეს 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

უწყვეტი პროევროპული აქციების ერთ-ერთ მონაწილეს, თეონა ტაბატაძეს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
მას ედავებოდა გზის ხელოვნურად გადაკეტვას და პოლიციელის დაუმორჩილებლობას. უწყების წარმომადგენელმა, ბუბა ნაჭყებია ამტკიცებდა, რომ ტაბატაძე ჯერ გადავიდა საავტომობილო გზაზე მაშინ, როცა პარლამენტთან გზის გადაკეტვისთვის საკმარისი რაოდენობის მოქალაქეები არ იყვნენ, შემდეგ კი არ დაემორჩილა პოლიციელის მოწოდებას, რომელიც მას ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებდა.
თეონა ტაბატაძემ განმარტა, რომ ის რუსთაველზე მანქანით მივიდა, გააჩერა მიმდებარე ტერიტორიაზე და იმისთვის, რომ შეერთებოდა პარლამენტთან, ტროტუარზე მდგარ დემონსტრანტებს, გადაირბინა გზა მაშინ, როცა ის გადაკეტილი არ იყო. ის ამბობს, რომ გზის გადაკეტვის მიზანი არ ჰქონია და არ დამდგარა გზის სავალ ნაწილზე. მისი თქმით, იცის კანონი და ყოველთვის, როცა აქციაზეა, დგას ტროტუარზე.
“გზაზე გადარბენის გამო გზის გადაკვეთის მუხლით არ აკავებენ მოქალაქეებს”, – თქვა ტაბატაძის ადვოკატმა, თორნიკე ჯანელიძემ და განმარტა, რომ მაქსიმუმ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის შეიძლება მისი დაჯარიმება.
სხდომაზე გამოიკითხა პატრულ-ინსპექტორი გიორგი ქავთარაძე, რომელმაც შეადგინა თეონა ტაბატაძის დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმი. ქავთარაძემ თქვა, რომ მან პირადად მიიღო ტაბატაძის გაკავების გადაწყვეტილება და უშუალოდ მონაწილეობა დაკავების პროცესშიც.
“მე ვთქვი დავაკავოთ-მეთქი, ხელი დავადე, რის შემდეგაც ჩემი კოლეგები მომეხმარნენ და წავიყვანეთ მანქანის მიმართულებით”, – თქვა პატრულ-ინსპექტორმა.
გიორგი ქავთარაძე ირწმუნება, რომ თეონა ტაბატაძე დააკავა მაშინ, როცა გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდა. თავად ტაბატაძე ამბობს, რომ ის დააკავეს ტროტუარზე. ეს ჩანს იმ ვიდეოებშიც, რომლებიც სასამართლომ გამოიკვლია. უფრო მეტიც, გამოკვლეულ ვიდეოებში საერთოდ არ ჩანს გიორგი ქავთარაძე. საუბარია როგორც დაცვის მხარის, ისე -ის მიერ წარმოდგენილ ვიდეოებზე.
თეონა ტაბატაძე დააკავეს 22 ოქტომბერს. მისი სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 23 ოქტომბერს – მაშინ, როცა ის უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა.
თეონა ტაბატაძემ ერთი ღამე დიღმის იზოლატორში გაათენა. გუშინ, 23 ოქტომბერს, ის შუადღის საათებში გადაიყვანეს სასამართლოში და 00:30 საათამდე ელოდებოდა პროცესის დაწყებას. თუმცა, თორნიკე ქოჩქიანმა სხდომა 24 ოქტომბრის 11:00 საათამდე გადადო.