პოლიტოლოგი ბაჰრუზ სამედოვი მოთავსებულია სამარტოო საკანში და მას ბებიასთან შეხვედრაზე უარი უთხრეს. წერს “კავკაზსკი უზელი”.
29 წლის პოლიტოლოგი და ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბაჰრუზ სამედოვი ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.
სამედოვი 2024 წლის 21 აგვისტოს დააკავეს, როცა ის არდადეგებისთვის აზერბაიჯანში ჩავიდა. გამოძიების ვერსიით, ის „სომხეთის წარმომადგენელთა დავალებით“ წერდა და თარგმნიდა სტატიებს. ბრალდება ეფუძნებოდა სამედოვის მიმოწერას სომხეთის სამ ქალთან. თავად სამედოვი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას სახელმწიფო ღალატში. ის ცნობილია აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკით, რომელსაც უცხოურ მედიაში გამოხატავდა. დაცვის მხარის აზრით, მისი დაკავების რეალური მიზეზი მისი „ანტისაომარი შეხედულებები“ გახდა.
როგორც გამოცემა წერს, პოლიტოლოგის 82 წლის ბებია, ზიბეიდა ოსმანოვა, რომელიც ბაჰრუზის ერთადერთი ნათესავია, 22 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა, რათა შვილიშვილთან შეხვედრა მოეთხოვა. თუმცა მას უარი უთხრეს.




