ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება. გარე უფროსებმა დივერსიფიცირებული მოქმედება გადაწყვიტეს, „ლელო“ ექსტრემისტებად თუ ჩამოაყალიბეს, გახარიას მანდატები „შავი დღისთვის“ შემოინახეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში გიორგი გახარიას პარტიის შემოსვლა ნიშნავს, რომ „დიფ სთეითის“ მესვეურებმა სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორეს.
„ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ გახარია-ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობისგან“ და „ახლებისგან“ გაემიჯნა, მაგრამ მათ რადიკალური და ბინძური წარსული ვერ ჩამორეცხეს. გარე უფროსებმა დივერსიფიცირებული მოქმედება გადაწყვიტეს. „ლელო“ ექსტრემისტებად თუ ჩამოაყალიბეს, გახარიას შემთხვევაში ისეთი ხაზი დაიკავეს, თითქოს კონსტრუქციულია და გახარიას მანდატებიც „შავი დღისთვის“ შემოინახეს. მათ ოპოზიციის დიდი ნაწილი ქუჩაში დატოვეს, რადგან ეგონათ, რომ „ქართულ ოცნებას“ კომპრომისებზე წაიყვანდნენ. გახარიას პარტიის პარლამენტში შემოსვლა იმას ნიშნავს, რომ „დიფ სთეითის“ მესვეურებმა სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორეს. როგორც ჩანს, სურთ, ბოლო კარტები არ გადაყარონ და პარლამენტში თავიანთი მესიჯბოქსის გამხმოვანებლები ჰყავდეთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.




