აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა, 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
„მიიღეს თვითნებური გადაწყვეტილება, გადავიდნენ სამოძრაო ზოლზე და დაიწყეს გზის ხელოვნური გადაკეტვა…. პოლიციელებმა მოუწოდეს, დაეტოვებინათ გზის სავალი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის იყო აფგან სადიგოვი“, – თქვა სხდომაზე შსს-ის იურისტმა ვახტანგ შუკაკიძემ. მან წარადგინა ვიდეომტკიცებულება.
სხდომაზე მოსამართლეს მიმართა სადიგოვმაც.
„მე ვარ გულშემატკივარი ქართველი ხალხისა, რომლის უფლებებიც ირღვევა. მე ყოველთვის შევეწინააღმდეგები ივანიშვილს, რომელიც დიქტატურისკენ მოუწოდებს ქართველებს. ივანიშვილი მხარს უჭერს დიქტატურას, მე მხარს ვუჭერ ხალხს“.
მან მოსამართლეს უთხრა, რომ პარლამენტთან მიმდინარე დემონსტრაციაზე ყოველდღიურად მიდიოდა:
„დასამატებელი არაფერი მაქვს, აქედან გავალ და ისევ წავალ აქციაზე. პოლიტიკური შეკვეთების და დიქტატურის მხარდამჭერი ნუ იქნებით…“
აფგან სადიგოვის ადვოკატმა შსს-ის თანამშრომელს ჰკითხა, როგორ გაეგო აზერბაიჯანელ ჟურნალისტს გზის გათავისუფლების შესახებ მოწოდება, როცა ქართული არ ესმის.
„ივანიშვილი მკვლელი, ივანიშვილი დიქტატორი, ბოლომდე, ბოლომდეე“, – დაიწყო სკანდირება აფგან სადიგოვმა. ამ დროს ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.
აფგან სადიგოვი გუშინ, 22 ოქტომბერს, დააკავეს, როცა პარლამენტთან მიმდინარე დემონსტრაციაზე მიდიოდა. მას ედავებიან წინა დღეებში გზის ხელოვნურად გადაკეტვას.
გასულ კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო კანონები, რომლებმაც კიდევ უფრო შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება – აქციაზე პირბადის გაკეთება ან გზის გადაკეტვა ისჯება 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში – 1 წლამდე პატიმრობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო ოთხ დღეში, მას შემდეგ, რაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ახალი კანონი ამოქმედდა, პოლიციამ დაახლოებით 80 ადამიანი დააკავა.
კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
· მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
· თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ფორუმი
