„დაბეგვრის ახალ მოდელს გავლენა ძირითადად იმ კომპანიებზე ექნება, სადაც კონცენტრირებული საბანკო მოგებები ბრუნავს“ – სადაზღვევო სექტორისთვის „ესტონური მოდელი“ ამოქმედდა

„დაბეგვრის ახალ მოდელს გავლენა ძირითადად იმ კომპანიებზე ექნება, სადაც კონცენტრირებული საბანკო მოგებები ბრუნავს“ – სადაზღვევო სექტორისთვის „ესტონური მოდელი“ ამოქმედდა
მიმდინარე წლიდან სადაზღვევო სექტორში დაბეგვრის ახალი ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა. „ესტონური მოდელით“, სადაზღვევო კომპანიებს განაწილებული მოგების გადასახადი 20%–დან 15%-მდე შეუმცირდებათ, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კი კომპანია ამ გადასახადისაგან გათავისუფლდება.
სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბოლოო ჯამში ამ მოდელის ამუშავება დადებითი მოვლენაა, თუმცა პირველ ეტაპზე გავლენას მხოლოდ 2-3 კომპანიაზე მოახდენს.
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე ფიქრობს, რომ მოგების გადასახადის „ესტონური მოდელით“ გადახდა სადაზღვევო სექტორისთვის შეღავათი იქნება.
„ზოგადად, ეს მოდელი კარგია სექტორისთვის და უნდა გავრცელდეს. სასურველი იყო უფრო მალე მომხდარიყო მისი ამოქმედება, რათა იმ 2-3 კომპანიას, რომლებიც მცირე მოგებაზე გავიდნენ, ცოტა შეშველებოდა, მაგრამ მაინც ის ფაქტი, რომ წელს მოგება ესტონურ მოდელს დაექვემდებარება, ძალიან დადებითი ნაბიჯია“, — აღნიშნა „კომერსანტთან“ არჩილ მორჩილაძემ.
სექტორის მოთამაშეთა ნაწილი ე.წ. „ესტონური მოდელის“ ამოქმედებას ამ ეტაპზე არც ისე დადებითად აფასებს, „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინა ამბობს, რომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, თუმცა, პირველ ეტაპზე, მას მნიშვნელოვანი გავლენა მხოლოდ იმ კომპანიებზე ექნება, რომლებიც ბანკებთან ასოცირებულები არიან.
„მოგეხსენებათ, სადაზღვევო ბაზარი განსაკუთრებული მოგებიანობით არ გამოირჩევა, შესაბამისად სანამ სავალდებულო ხასიათის შინაარსის პროდუქტები არ ამოქმედდება, ამ მოდელს სექტორზე არსებითი გავლენა არ შეიძლება ჰქონდეს.
ამ ეტაპზე განსაკუთრებული ეფექტის მომტანი, რა თქმა უნდა, ორი-სამი სადაზღვევოს გარდა შეიძლება არც იყოს. დაბეგვრის ახალ მოდელს ძირითადი გავლენა იმ კომპანიებზე ექნება, სადაც კონცენტრირებული საბანკო მოგებები ბრუნავს. თუმცა, მომავალი პერსპექტივის თვალსაზრისით, მაინც მისასალმებელია“, – ამბობს ნინა კობახიძე.
მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს და ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება. 2018 წელს ითქვა, რომ აღნიშნული შეღავათი საფინანსო სექტორს 2019 წლიდან შეეხებოდა, შემდეგ მოდელის ამოქმედება 2023 წლამდე გადაიდო, მაგრამ ბოლოს ხელისუფლებაში განმარტეს, რომ საბანკო სექტორზე აღნიშნული მოდელი აღარ გავრცელდება, ხოლო სადაზღვევო სექტორი „ესტონურ მოდელზე“ 2024 წელს გადავიდოდა.

ასევე დაგაინტერესებთ