კაია კალასი – ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა – პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო რთული ხდება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა, – ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ახლახან სანქციების მე-19 პაკეტი მივიღეთ. ის მიზანში იღებს რუსულ ბანკებს, კრიპტო ბირჟებს, ინდოეთსა და ჩინეთში არსებულ სუბიექტებს“, – წერს კაია კალასი X-ზე.
ასევე, კალასის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით ევროკავშირში რუსი დიპლომატების გადაადგილებას ზღუდავს.
„პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო რთული ხდება“, – აღნიშნავს კალასი.
ევროკავშირის დანიის თავმჯდომარეობის განცხადებით, სანქციები ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.
„მე-19 პაკეტი მოიცავს შეზღუდვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტ ტანკერზე. აკრძალვა დაწესდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე. რუსი დიპლომატების გადაადგილება მათი აკრედიტაციის ქვეყნების ტერიტორიით შემოიფარგლება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად შეწყდება. მოკლევადიანი კონტრაქტები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაუქმდება, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტების შეჩერება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს