კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე 23 ოქტომბერს, დილის ცხრა საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაშავდა 7 ადამიანი, რომელთაგან 5 ჰოსპიტალიზებულია. კლიჩკოს ცნობით, კიევის პოდოლსკის რაიონში ხანძრები გაჩნდა სამ სახლში. დაზიანებულია სკოლის და საბავშვო ბაღის შენობები. სახლები დაზიანდა ობოლონსკის რაიონშიც.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დილის ცხრა საათისთვის ყველა ხანძარი ლიკვიდირებული იყო. ნაწილობრივ დანგრეულია ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი და ბოლო, მერვე სართულზე მდებარე ორი ბინა.
საგანგებო სამსახურის ცნობითვე, ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში, სადაც მაშველები რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეულ ხანძარს აქრობდნენ, განმეორებითი დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი მაშველი და ხუთი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სუმის რაიონში რუსული დრონებით შეტევა იყო რკინიგზის სადგურზე. დაიჭრა ერთი ადამიანი.
უკრაინაზე რუსული დრონებით და რაკეტებით მასირებული შეტევა იყო 22 ოქტომბერსაც.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დედაქალაქ კიევში და კიევის ოლქში დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
ფორუმი
