„რაც უფრო წლები გადის და ადამიანების მოთხოვნილებები იზრდება, ხელფასებიც უნდა მიყვებოდეს ამ ზრდას. ხელფასი არამარტო ინფლაციის ტემპზე მაღალი უნდა იყოს, ამავე დროს, მოთხოვნილებებსაც უნდა პასუხობდეს“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომიკის დოქტორმა, ირაკლი მაკალათიამ განაცხადა.
მაკალათიას თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა არა მაღალი ინფლაციის დონე, არამედ დაბალი შემოსავლებია.
„მთავარი პრობლემა ინფლაციის მაჩვენებელი კი არაა, ცხადია, ინფლაციაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი პრობლემაა, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, რასაც განაპირობებს დაბალი შემოსავლები. დაბალი შემოსავლები როცა გაქვს, შესაბამისად, გაძვირებული პროდუქტი უფრო და უფრო მტკივნეულად აისახება მოსახლეობის ჯიბეზე.
როცა ევროპის განვითარებული ქვეყნების ინფლაციაზე ვსაუბრობთ, სადაც მაღალია შემოსავლები, იქ მეტად შეგიძლია ლავირება და ინფლაციის დაკომპენსირება შენი ხელფასის მაჩვენებლით, რომელიც მაღალია და წლიდან წლამდე მაღალი ტემპებით იზრდება.
აქ ორი ნაწილი გვაქვს, ნომინალური და რეალური ხელფასი. ნომინალურია, რასაც საქსტატი გამოაცხადებს, დარიცხული ხელფასი და მეორეა რეალური ანაზღაურება, რომელიც არის ამ ნომინალურ ხელფასს თუ გავყოფთ სამომხმარებლო ფასების ინდექსზე, ინფლაციის მაჩვენებელს თუ გამოვაკლებთ და ინფლაციის საბაზრო ეფექტს გამოვიყენებთ. ორივე, როგორც ნომინალური, ასევე რეალური ხელფასიც ზრდის მაჩვენებლით ხასიათდება. რეალურიც არ იკლებს, ორივე იზრდება, თუმცა ნომინალური უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე რეალური და გასაგები მიზეზის გამო, რომ გვაქვს ინფლაციის მაჩვენებელი.
როცა ვსაუბრობთ ინფლაციასა და ხელფასებზე, ერთია, რომ დაბალი ტემპით იზრდება რეალური ანაზღაურება და მეორეა, რომ ადამიანების მოთხოვნილებები იზრდება, უფრო მრავალფეროვნდება და შესაბამისად, ეს კიდევ უფრო მეტ დანახარჯს მოითხოვს. ძალიან მარტივად რომ ავიღოთ 90-იანების სამომხმარებლო კალათა და დღევანდელი სამომხმარებლო კალათა, რადიკალურად განსხვავებულია. შესაბამისად, რაც უფრო წლები გადის და ადამიანების მოთხოვნილებები იზრდება, ხელფასებიც უნდა მიყვებოდეს ამ ზრდას. ხელფასი არამარტო ინფლაციის ტემპზე მაღალი უნდა იყოს, ამავე დროს, მოთხოვნილებებსაც უნდა პასუხობდეს“, – განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.
