აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

ოჯახი და უფლებადამცველები აფგან სადიგოვს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
„დღეს ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი პარლამენტთან უნდა წასულიყო აქციაზე… თუმცა სახლიდან გასვლის შემდეგ მას ვერ ვუკავშირდები“, – წერდა სევინჩ სადიგოვა.
მისი ცნობითვე, წინა ორი დღის განმავლობაში აფგან სადიგოვი ამბობდა, რომ შეამჩნია, რომ მას უთვალთვალებდნენ.
„როგორც ჩანს, ეს სა და ს რეჟიმების მიერ განხორციელებული კიდევ ერთი პოლიტიკური რეპრესიაა“ – წერს ფეისბუკზე სევინჩ სადიგოვა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე, – რომელიც სადიგოვს სამართლებრივად ეხმარება, – იგივეს იუწყება. ამასთან, დასძენს:
„კამერა, რომელიც მის სახლთან დავამონტაჟეთ, მაღალი ალბათობით გამორთული აღმოჩნდა იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რომელიც ემთხვევა მისი ბოლო კომუნიკაციის დროს მეუღლესთან, სადაც მან უთხრა, რომ რუსთაველზე მიდიოდა“.
მიქელაძის ცნობით, აფგან სადიგოვი რუსთაველზე, მაღალი ალბათობით, ვერ წავიდა, რადგან მისი თანხმლები პირი, ვისთან ერთადაც მეტროთი რუსთაველზე მიდიოდა ხოლმე, ამბობს, რომ დანიშნულ დროს აფგანი მასთან არ მივიდა.
„გამორთული კამერა მისი გასვლის ეპიზოდს არ აჩვენებს“, – წერს მიქელაძე.
„სახლის კარები ახლაც დაკეტილია და ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. გამოვიძახეთ პოლიციაც“, – იუწყება ის.
განახლება: თამთა მიქელაძე იუწყება, რომ პოლიციაში აცნობეს, სადიგოვი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
„საპატრულო პოლიციამ ორჯერ არ დაგვიდასტურა დაკავების ფაქტი და მხოლოდ ახლა გვაცნობეს“, – დაწერა მიქელაძემ 22:55 საათზე.
აფგან სადიგოვი არის Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი.
ის 2024 წლის 3 აგვისტოს დააპატიმრეს თბილისში – საპატიმრო დაწესებულება 16 აპრილს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა.
საპატიმროს დატოვების შემდეგ, აფგან სადიგოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოში მისი დაკავება იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების დაკვეთა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აღასრულა. მისივე თქმით, ის საფრთხეები, რომლებიც მას საქართველოში დაკავებამდე ჰქონდა, კვლავ დღის წესრიგში რჩება.
ის ხშირად დადის საპროტესტო დემონსტრაციებზე. მხარდაჭერას უცხადებს „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს.
შენიშვნა: ინფორმაცია განახლდება დამატებითი ცნობების მიღების შემდეგ, შესაბამისად შეიცვალა სათაურიც.
ფორუმი