რეგულაციები და ცვლილებები, რომლებიც წელს ამოქმედდა

2024 წლიდან საქართველოში არაერთი ცვლილება შედის ძალაში. მათი ნაწილი პირველი იანვრიდან ამოქმედდა, ნაწილი კი – წლის განმავლობაში.
„კომერსანტი“ იმ მთავარ რეგულაციებს გაგაცნობთ, რომელიც მიმდინარე წლიდან შედის ძალაში:
ბიზნესს გაზის და წყლის ტარიფი უძვირდება
2024 წლის 1-ელი იანვრიდან, თბილისსა და რეგიონებში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდა და ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი 1.24 ლარის ნაცვლად 1.29 ლარი იქნება.
კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ფასი იზრდება რეგიონებშიც. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, ერთი კუბური მეტრი გაზის ტარიფი 1.25 ლარის ნაცვლად 1.29 ლარი გახდება. ამ შემთხვევაში ფასი უცვლელი დარჩება მხოლოდ იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომლებიც ხორბლის ფქვილის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ თბილისშიც და რეგიონებშიც უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფი, რომელიც სემეკის მიერაა დადგენილი.
რაც შეეხება წყალმომარაგებას, სემეკის გადაწყვეტილებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ არასაყოფაცხოვრებო ტარიფები გაიზარდა. შესაბამისად, თბილისსა და მცხეთაში ბიზნესისთვის ახალი ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო რუსთავში – 6.500 ლარი/კუბ.მ-ით. წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.
ელექტროენერგიის ტარიფი მცირდება
სემეკის გადაწყვეტილებით, წლის დასაწყისიდან ძალაშია ელექტროენერგიის შემცირებული ტარიფი. კერძოდ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. შემცირებული ტარიფები ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.
დოლარის და ევროს სესხის აღება რთულდება
2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მხოლოდ 200 000 ლარზე დიდი მოცულობის სავალუტო სესხის აღება იყო შესაძლებელი. 2024 წლის 1 იანვრიდან კი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ამ აკრძალვის მიდგომა იცვლება.
შესაბამისად, ის პირები, რომლებიც შემოსავალს ლარში იღებენ, 200-300 ათასი ლარის სავალუტო სესხებს ვეღარ აიღებენ, რადგანაც სავალუტო კრედიტის მინიმალური ზღვარი მათთვის 300 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ისინი კრედიტის აღებას იმ ვალუტაში შეძლებენ, რომელშიც შემოსავალი აქვთ.
დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სისტემის ზღვარი იზრდება
2023 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სისტემის ზღვარი 15 ათასიდან 30 ათასლარამდე გაიზარდა. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბანკების ყოველთვიური სავალდებულო შენატანი 3.6 მილიონი ლარი იყო, რაც ახალი რეგუალაციის პირობებში 5 მილიონ ლარს მიუახლოვდება. 30 000 ლარამდე დეპოზიტების დაზღვევის ვალდებულება ვრცელდება მიკრობანკებზეც.
სათამაშო ბიზნესისთვის დაბეგვრის სისტემა იზრდება
2024 წელს აზარტული თამაშების ბიზნესიდან მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების მობილიზაცია 400 მილიონი ლარით გაიზრდება. „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, იანვრიდან სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობი პირებისთვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-დან 15%-მდე გაიზარდა. 2%-ის ნაცვლად საშემოსავლო გადასახადის 5-პროცენტიანი განაკვეთით დაიბეგრა ასევე სათამაშო აპარატების თამაშობებში მონაწილე პირის მიერ გატანილი თანხა.
2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება
2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება. თუმცა დაწესდა გამონაკლისიც, კერძოდ, ყველა ავტომფლობელი, რომლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც 2013 წლის ქვემოთ წლოვანებისაა და გასული წლის 1 დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერზე, გზაშია და 1 იანვრამდე ვერ მოესწრო მისი ჩამოსვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან.
თბილისში დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობა იზღუდება
2024 წლის 1-ელი იანვრიდან დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს. შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოს თვეში.
ამასთან, არის გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები. კერძოდ რეგულაცია არ ვრცელდება: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში; ასევე, გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე.
ამ წესის დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები გაზრდილი თანხით დაჯარიმდებიან. კერძოდ, პირველ შემთხვევაზე 1 000 ლარით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე – 3 000 ლარით.
დეველოპერული ბიზნესისთვის გამწვანების ვალდებულება ჩნდება
2024 წლის 1 იანვრიდან მშენებლობის ნებართვის მისაღებად დეველოპერულ კომპანიებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამწვანების პროექტის წარდგენის ვალდებულება აქვთ. აქამდე აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ თბილისში არსებობდა.
დეველოპერული კომპანიები ექსპლუატაციაში ბინებს ვერ მიიღებენ თუ გამწვანების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული არ იქნება. ამ მიმართულებით კომპანიები მკაცრ მონიტორინგს დაექვემდებარებიან.
გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებით მანქანის მოძრაობა სავალდებულო ხდება
იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს.
ცვლილებების თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.
ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, დამტკიცდა იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით.
საპენსიო დანაზოგები კონსერვატიულ პორტფელში ბრუნდება
3 იანვრიდან, ყველა ის ადამიანი, ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე თავად არ მიუღია გადაწყვეტილება და ავტომატურად განაწილდა, კვლავ დაბრუნდება კონსერვატიულ (ნაკლებადრისკიან) საინვესტიციო პორტფელში.
3 იანვრიდან, აღნიშნულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი პორტფელი და შემდგომში ხელმეორედ არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ