სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიესალმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებას აზერბაიჯანის ტერიტორიით სომხეთის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტის ყველა შეზღუდვის მოხსნის შესახებ და გამოთქვა მადლიერება ბაქოს ამ ნაბიჯისადმი.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა თბილისში გამართული „აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმის“ დროს.
ფაშინიანის თქმით, სომხეთმა დიდი პროგრესი აჩვენა.
„2025 წლის 8 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერითა და ინიციატივით, ვაშინგტონში მე და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოვაწერეთ ხელი „მშვიდობის დეკლარაციას“, რომელსაც მოწმის სტატუსით ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც“.
მისი თქმით, დეკლარაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ კომუნიკაციებს. აქვე ფაშინიანმა ციტატად მოიყვანა დოკუმენტის მესამე პუნქტი.
„ჩვენ დავადასტურეთ ორი ქვეყნის შორის კომუნიკაციების გახსნის მნიშვნელობა შიდა, ორმხრივი და საერთაშორისო ტრანსპორტირებისთვის, სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე, რეგიონში და მის მეზობლობაში სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით. ეს ძალისხმევა მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიით შეუფერხებელ კომუნიკაციას, სომხეთისთვის საერთაშორისო და შიდა სატრანსპორტო შესაძლებლობების უზრუნველყოფით“.
როგორც ფაშინიანმა თქვა, ვაშინგტონის დეკლარაციის ამ პუნქტის შესრულების მიმართულებით აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
„პრეზიდენტმა ალიევმა გუშინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი აუქმებს ტვირთების ტრანზიტის შეზღუდვებს თავისი ტერიტორიის გავლით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა და მსურს ჩემი მადლიერება და მოწონება გამოვხატო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამ ნაბიჯის მიმართ“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისი თქმით, ახლა ხდება ის, რაც რამდენიმე თვის წინ შეუძლებლად ჩანდა: ყაზახეთიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სომხეთში ხორბლის იმპორტი იწყება.
