სააკაშვილი: “პროკურატურა” 4 ოქტომბრის საქმეზე ჩემ დაკითხვას ითხოვს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე მის დაკითხვას ითხოვს.
“ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის “პროკურატურა” ითხოვს ჩემს დაკითხვას 4 ოქტომბრის საქმეზე. ძალიან უნდათ 4 ოქტომბერი რაღაცნაირად მომაბან. ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზატორობა, მაგრამ სამწუხაროდ სრულ იზოლაციაში მამყოფებენ და ვერ გამომდის ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებში მონაწილეობა.
მიმაჩნია რომ 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზებაში და წარმართვაში რომ ვყოფილიყავი ჩართული, სულ სხვა შედეგზე შევძლებდით გასვლას.
ყველანი ვხვდებით, რომ სამართლებრივი პროცესი ქოცების პირობებში არასდროს იქნება და ყველაფერი ერთი ბოროტი კარაბას-ბარაბასის თეატრია.
ჩემი პოზიციაა, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და ბევრად მეტად გავამძაფროთ. საქართველო აუცილებლად დაამარცხებს დიქტატურას!”, – წერს ის Facebook-ზე.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯამში 46 ადამიანია დაკავებული. მათ ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა.
7 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტში შემავალი 5 პირის მიმართ – ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, და ბერიძე.
4 ოქტომბრის აქციის საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა ასევე შეფარდებული აქვს ბექა მაჭავარიანს, ვახტანგ ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს და სერგო მეგრელიშვილს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის გადაწყვეტილებით ასევე პატიმრობა შეეფარდათ დავით ჟღენტს, ალექსანდრე გოგოლაძეს, კახაბერ მჟავანაძეს და გიორგი რურუას, ხოლო მოსამართლე ლელა მარიდაშვილის – თორნიკე მჭედლიშვილს, დავით სტურუას, აბო ნავერიანს და ევა შაშვიაშვილს.