ევროპარლამენტის წლევანდელი გადაწყვეტილება – „სახაროვის პრემიის“ მინიჭება პატიმრობაში მყოფი ჟურნალსიტების – ბელარუსი ანდჟეი პოჩობუტისა და ქართველი მზია ამაღლობელისთვის – ერთდროულად არის ღირსების აღიარება და პოლიტიკური სარკე, რომელიც პირდაპირ გვიჩვენებს, სად აღმოვჩნდით როგორც ქვეყანა.
ეს პრიზი ჩვენთვის, ქართველებისთვის, გამორჩეულად მძიმე სიმბოლოა: ერთიდაიგივე ჯილდო გადაეცათ ჟურნალისტებს, რომლებიც განსხვავებული ამბიციების სახელმწიფოებს, დეკადების განმავლობაში განსხვავებული ტრაექტორიით მოძრავ საზოგადოებებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მსგავს პირობებში აღმოჩნდნენ – იქ, სადაც ხელისუფლება მოქალაქის ღირსებას სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს.
და აი, ამ ორი გვარის გვერდიგვერდ გაჟღერებამ, თითქოს ერთ წინადადებაში შეკრა ორი განსხვავებული ისტორია – ბელარუსის და საქართველოსი.
მზია ამაღლობელი – ჟურნალისტი, რედაქტორი, ქალი, რომელიც საკუთარი პოზიციის გამო ცხრა თვეა პატიმრობაშია. ფორმალურად იმიტომ, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს სილა გააწნა; სინამდვილეში – იმიტომ, რომ რეჟიმმა საჯარო წინააღმდეგობის სიმბოლოდ ქცევა არ აპატია.
ეს საქმეა ტესტი, რომლის შედეგმაც აჩვენა რომ საქართველოში კანონი არა სამართლიანობის, არამედ შურისძიების იარაღად გადაიქცა.
ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ დღეს სტრასბურგში ტრიბუნიდან ასეთი ფრაზა თქვა:- „სირცხვილი ‘ქართულ ოცნებას', რომელიც ცდილობს საქართველო ბელარუსად აქციოს.
ივანიშვილს, რომელიც თავად ოცნების ყველაზე მორჩილ საყრდენებს დაერია რათქმაუნდა ამის გამო არ შერცხვება, ნუ კობახიძე და პაპუაშვილი კვლავ დიფსტეიტს და ევროპულ ბიუროკრატიას დაამუნათებენ და იტყვიან, რომ სახორივის პრემიას, რომლის მფლობელებიც იყვნენ ნელსონ მანდელა, ალექსეი ნავალნი, ირანელი მაჰსა ამინი და მებრძოლი უკრაინელ ხალხი, ჩალის ფასი აქვს, თუმცა შეუძჰებელია ამ დროს პირში ზუსტად იმ ჩალის გემო არ დარჩეთ, რომელიც რუსული ჰიბრიდული ომის სტომაქიდან მერამდენედ ამოცოხნილ პროპაგანდისტულ გზავნილებს აქვს.
და მაინც – სახაროვის პრიზი რეპრესირებულ ქართველ ჟურნალისტს – ეს არ არის პოლიტიკური განცხადება – ეს არის დიაგნოზი, რომელიც ევროპამ საჯაროდ დაგვიწერა.
და ჩვენც უნდა ვაღიაროთ შემდეგი: საქართველო ჯერ არ არის ბელორუსი, მაგრამ ბევრიც აღარ გვიკლია.
ბელორუსისგან განსხვავებით -ჯერ კიდევ გვაქვს: მოქმედი მედია, აქტიური საზოგადოება, მოქალაქეთა სოლიდარობა. მაგრამ ზღვარი თვალსაჩინოდ თხელდება.
რათქმაუნდა ეს ისტორია მხოლოდ მზიაზე აღარ არის. დღეს ქართულ ციხეებში ჩვენი სხვა კოლეგები და მეგობრებიც სხედან. ქართულმა მედიამ აჩვენა, თუ რამდენად მზად არის დაიცვას პროფესიული ღირსება და სიტყვის თავისუფლება მაშინ, როცა მის დაცვას უკვე ფასი ადევს.
სახაროვის პრიზის ქართველისთვის მინიჭებაშიც მთავარი ის არაა – რა თქვა ამით ევროპამ და დემოკრატიულმა სამყარომ ჩვენს შესახებ, არამედ რას ვიტყვით ჩვენ საკუთარ თავზე ასეთი დიაგნოზის შემდეგ.
რადგან თუ სიჩუმე ნორმად იქცა, მაშინ არც ჟურნალისტის ციხე იქნება გამონაკლისი და არც საზოგადოების მორჩილება – შემთხვევითი.
