„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს გადაეცა სახაროვის პრემია, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.
წელს მზია ამაღლობელთან ერთად ეს ჯილდო გადაეცა ბელარუს პატიმარსა და ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტისაც.
სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ 22 ოქტომბერს, სტრასბურგში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაასახელა.
“ორივე ჟურნალისტი ახლა საპატიმროში იმყოფება ყალბი ბრალდებებით და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავის საქმეს ასრულებდნენ, ლაპარაკობდნენ უსამართლობის შესახებ. მათმა გამბედაობამ ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიის ბრძოლის სიმბოლოდ აქცია. ეს ინსტიტუცია მათი და იმ ხალხის გვერდით დგას, რომლებიც აგრძელებენ თავისუფლების მოთხოვნას”, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.
სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაში ასევე იყვნენ ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში, რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატს, წითელი ნახევარმთვარე და UNRWA და ასევე სერბი სტუდენტები.
სახაროვის პრემია “აზრის თავისუფლებისთვის” 1988 წელს დაარსდა, რუსი მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად და შემდეგ ევროპარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცა.
ამ ჯილდოს მიზანია დააჯილდოოს ადამიანები, ჯგუფები ან ორგანიზაციები, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ადამიანის უფლებების დაცვისა და აზრის თავისუფლებისთვის მთელ მსოფლიოში.
ამასთანავე, სახაროვის პრემიის მიზანია, მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს პოლიტიკურ პატიმრებს, აქტივისტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც იდევნებიან.
სახაროვის პრემია სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ნელსონ მანდელას, აპარტეიდთან ბრძოლის ლიდერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველ შავკანიან პრეზიდენტს (1988), მალალა უსუფზაის, პაკისტანელ ადამიანის უფლებათა აქტივისტს (2013), ალექსეი ნავალნის, რუს ოპოზიციონერს (2021), უკრაინის ხალხს (2022), ჯინა მაჰსა ამინის, 22 წლის ირანელ ქალს, რომელიც ირანის „ზნეობის პოლიციის“ დაკავების შემდეგ გარდაიცვალა (2023).
2025 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს, სტრასბურგში გაიმართება. ლაურეატებისათვის დაწესებული ჯილდო 50 000 ევროს შეადგენს.
ფორუმი
