მედია: მეუფე იაკობი წერს, რომ ამერიკაში შეხვედრებზე გაემგზავრა

მეუფე იაკობი ამერიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს, რომელსაც ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ხელმძღვანელობს.

ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ხვდება პარტნიორ, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანია ორი უნივერსიტეტის პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცება და ახალი საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა.

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სანგუში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში 🇺🇸

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ხვდება პარტნიორ, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (Northern Kentucky University) წარმომადგენლებს ახალი თანამშრომლობების შესაძლებლობებისა და მიმდინარე პროგრამების წარმატებული გაგრძელების განსახილველად.

მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა NKU-ის პრეზიდენტთან, პროფესორ ქეიდი შორტ-ტომპსონთან (Cady Short-Thompson).

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სანგუს პრორექტორი, პროფესორი არჩილ ყანჩაველი და კანცლერი თამაზ ვაჩაძე.

SANGU-სა და NKU-ის წარმატებული პარტნიორობა ხელს უწყობს საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას, კულტურულ გაცვლას და საქართველოში მაღალი ხარისხის, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობას.

ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ურთიერთობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განვითარებისთვის, – ნათქვამია ინფორმაციაში.