სერგეი ლავროვისა და მარკო რუბიოს შეხვედრის თარიღის შესახებ ინფორმაცია როგორც კი გვექნება, მაშინვე გაგიზიარებთ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ადგილობრივ მედიას მოუწოდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შესაძლო შეხვედრის თარიღის შესახებ „ინფორმაციულ საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობა არ მიიღონ“.
„დღეს, სერგეი ლავროვმა ამ თემასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელების შესახებ ყურადღება გაამახვილა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ როდესაც ინფორმაცია გვექნება, რომლის გაზიარებასაც შევძლებთ, ამას მაშინვე გავაკეთებთ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
შეგახსენებთ, თავდაპირველად, CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ლავროვსა და რუბიოს შორის მიმდინარე კვირაში დაგეგმილი შეხვედრა დროებით გადაიდო. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრის ჩატარების შესახებ შეთანხმება არ ყოფილა. ცოტა ხნის წინ, გამოცემა Financial Times-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ, შესაძლოა, ლავროვისა და რუბიოს შეხვედრა 30 ოქტომბერს გაიმართოს.
