ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა. ბრალდებული, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა მოსამართლისთვის, ენერგოსექტორში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა არ შემეძლოო.
პირველი მოწმე, რომელიც პროკურორმა ირაკლი მარშანიამ სასამართლოში მიიყვანა, რომეო მიქაუტაძის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში (2021-2024) ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი იყო.
პროკურატურის მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ რომეო მიქაუტაძესთან „ახლო მეგობრული ურთიერთობა“ ჰქონდა. გამოძიების ეტაპზე კი ჩვენება მის წინააღმდეგ მისცა.
სწორედ რომეო მიქაუტაძე იყო ტურაშვილის ზემდგომი კურატორი და ისინი ერთად განკარგავდნენ, სხვა დაკავშირებულ დეპარტამენტებთან და სამინისტროებთან ერთად, ენერგეტიკის სფეროში პოლიტიკას, ინვესტიციებს, ენერგოეფექტურობის, ბაზრის კვლევისა და მისი ათვისების საკითხებს.
რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილის და შემდგომ პირველი მოადგილის თანამდებობებს 2021 წლიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით იკავებდა. მისი თანამდებობაზე ყოფნისას 2022 წლის 30 დეკემბრიდან ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იყო, პრემიერ-მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი.
„რომეო მიქაუტაძე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, მას დარგის ფარგლებში 25 წლამდე გამოცდილება ჰქონდა… მე რომ დავიწყე მუშაობა, მალევე დაინიშნა ბატონი რომეო და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის „მომავლის ენერგიას“ და „ნახიდურის“ პროექტებს ფლობდა. ამის შესახებ ინფორმაცია გვქონდა დეპარტამენტს. როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, განვითარების მომდევნო ნაბიჯებს, ჩემი თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო“, – განაცხადა მოწმემ.
პროკურატურის ცნობით, 2019 წელს, როცა რომეო მიქაუტაძე შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორი იყო, ბიზნესპარტნიორთან ერთად 20 801 აშშ დოლარად შპს „ნახიდური ჰესი“ შეიძინა.
შპს „ნახიდური ჰესი“ ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების საზღვრებში ახორციელებს დღეღამური რეგულირების 7,2 მგვტ სიმძლავრის „ნახიდური ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტს.
„თავისი წილი ნათესავის სახელზე გააფორმა“, თუმცა „რეალურად კომპანიის მართვაში თვითონ“ მონაწილეობდა.
გამოძიების ვერსიით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას, „გამორჩენის მიღების მიზნით“, ამ კომპანიას სხვადასხვა ნებართვის (გამოძიება ჯერ არ აზუსტებს, რა ნებართვები მიიღო „ნახიდური ჰესმა”) აღებაში დაეხმარა, რამაც სახელმწიფოს ინტერესები დააზიანა.
რაც შეეხება შპს „მომავლის ენერგიას“, ეს კომპანია, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძემ 2020 წელს, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორად მუშაობის პერიოდში შეიძინა სხვებთან ერთად 120 000 აშშ დოლარად.
პროკურატურის ცნობით, ყიდვის შემდეგ თავისი კუთვნილი წილი ფორმალურად ნათესავზე გააფორმა და აკრძალვის მიუხედავად, მის მართვაში მონაწილეობდა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და შპს „მომავლის ენერგიისთვის“ გამორჩენის მისაღებად, უზრუნველყო კომპანიისთვის სხვადასხვა ნებართვების აღება, რითაც კომპანიის ღირებულება გაიზარდა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
შპს „მომავლის ენერგიას“ საქართველოს მთავრობამ გასული წლის აპრილში(პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა) დმანისში სამი ჰესის ასაშენებლად სამი მიწის ნაკვეთი 49 წლით გადასცა. 2022 წლის 9 მარტს (პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია) მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ ნაკვეთებზე კომპანიამ სამი ჰიდროელექტროსადგური: „მაშავერა 1, 2 და 3“ უნდა ააშენოს.
პროკურატურის მოწმე „ახლო მეგობარი“
საქმის პროკურორის ირაკლი მარშანიას კითხვაზე, რა დოზით იყო მიქაუტაძე ენერგეტიკულ პროექტებში ჩართული, მოწმემ უპასუხა, რომ როცა სამინისტროში პროექტი შემოდიოდა, ჯერ იუსტიციის სამინისტოში აგზავნიდნენ შესაბამისი დოკუმენტების მოსაპოვებლად, შემდეგ სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, მათ შორისაა ფინანსთა სამინისტროც, პროექტის განვითარებისთვის საჭირო ნებართვას იღებდნენ. ყველა საჭირო დოკუმენტით პროექტი მთავრობას ეგზავნებოდა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე ამტკიცებდა მას.
„ამ ფარგლებში კურირებას უწევდა ბატონი რომეო“, – განაცხადა მოწმემ.
პროკურორისა და მოწმის დიალოგი სასამართლო სხდომაზე:
მოწმე:„არსებობდა ინფორმაცია, რომ ბატონი რომეო ფლობდა ამ ორ პროექტს “მომავლის ენერგიას და “ნახიდური ჰესს“.
პროკურორი:საიდან იცოდით?
– ვერ გეტყვით პირველწყაროს შესახებ, ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა და ერთმანეთთან კომუნიკაციაში აღინიშნებოდა ხოლმე.
– ჩვენ სად?
– დეპარტამენტში.
– კონკრეტულად ვისთან გქონდათ საუბარი? ვინ ფლობდა ინფორმაციას თქვენს გარდა?
– პროექტის განვითარება პირდაპირ მშენებლობით არ იწყება, როცა საქმე ეხებოდა პროექტის განვითარებას და წინსვლას… და როცა ჩვენთან მოდიოდა პროექტი მომდევნო ნაბიჯისთვის (მოწმე გულისხმობს, რომ ენერგოპროექტები მშენებლობის ნებართვამდე სხვადასხვა ეტაპს გადი, მათ შორის ყველაზე პირველი საპროექტი არეალის კვლევაა – რ.თ.) ჩემი თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ ეს პროექტები რომეოს ეკუთვნოდა.
– რა ფორმით გამოიხატებოდა ინტერესი?
– გამოიხატებოდა მისი კურაციით, ჩაკითხვებით, დაზუსტებით, განვითარების ფაზების იდენტიფიცირების მხარდაჭერით, კურაციის ფარგლებში გასატარებელი მოქმედებებით.
– იცით თუ არა ამ კომპანიებში ვისზე იყო გაფორმებული წილები?
– არ ვიცი.
პროკურორის კითხვებისგან განსხვავებით, რომეო მიქაუტაძის ადვოკატების კითხვებზე პასუხად, მოწმემ თქვა, რომ „ეკონომიკის ყოფილი მინისტრისგან რაიმე პირდაპირი და ირიბი მითითება უპირატეს მდგომარეობაში ჩაეყენებინა რომელიმე კომპანია ან პროექტი არასდროს მიუღია“, მოგვიანებით იმასაც იტყვის, რომ ინფორმაცია რომეო მიქაუტაძის კუთვნილი კომპანიების შესახებ მისი აღქმა იყო და არა ცოდნა, რომელიც ფაქტებს ეფუძნება. ეს აღქმა კი გარემო პირობებიდან და დეპარტამენტში თანამშრომლების საუბრებიდან დარჩა.
ადვოკატი: ხომ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბატონ რომეოს მიეცა რაიმე მითითება ამ კომპანიებისთვის, მიგენიჭებინათ უპირატებოსა, რომელიც კანონით არ ეკუთვნოდათ?
მოწმე: მე ასეთი მითითება ბატონი რომეოსგან არ მიმიღია.
– მითითება ან პრეტენზია ხომ არ ყოფილა პროექტთა განხილვის დროს, განსაკუთრებული ინტერესი ან ინიციატივა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისთვის საზიანო იქნებოდა, ხოლო მიქაუტაძის ინტერესებს წინ წამოწევდა?
– არ მიმიღია პირდაპირი ან ირიბი მითითება.
– ვის გაჰქონდა საკითხები მთავრობაზე?
– მინისტრის დადასტურების შემდეგ, იურიდიულ დეპარტამენტში ხვდებოდა, შემდეგ კი სპეციალურ სისტემაში იტვირთებოდა.
– ვინ იყო წარმდგენი?
– ეკონომიკის მინისტრი.
– პროექტის საბოლოო ბედს რომეო მიქაუტაძე გატყობინებდათ?
– პროგრამის საშუალებით ვიგებდი, რომელიც ხელმოწერილი მოდიოდა მინისტრის მიერ.
მოწმეს კითხვები რომეო მიქაუტაძემაც დაუსვა. ის დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ენერგეტიკული მიმართულების დეპარტამენტს დავალება ყოფილიყვნენ ოპერატიულები, ეპასუხათ წინა მინისტრის მიერ დატოვებული ასობით უპასუხო წერილისთვის და დახმარებოდნენ ინვესტორებს.
მოწმის პასუხი დადებითი იყო, ისევე, როგორ რომეო მიქაუტაძის დასმულ კითხვებზე პასუხების უმეტესობა.
„რა ნებართვებს გავცემდით?“, – ჰკითხა ტურაშვილს მიქაუტაძემ, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ „ნებართვებს ისინი კი არა მთავრობა გასცემდა“.
რომეო მიქაუტაძე:„ოდესმე ხომ არ ყოფილა დავალება, განგებ გაგეჭიანურებინა პროექტი, ან ხელოვნური ბარიერები შეგექმნათ, ან რამე “დაგებრაკათ?“,
მოწმე: არა
– გახსენდებათ თუ არა ჩვენს შორის, საღამოს, რომეოს მონდომებოდა და დილით აუქციონი გამოეცხადებინა? თუ ამას წინ მინისტრთან და სხვა პირებთან კონსულტაციები უსწრებდა?
– სიმძლავრის აუქციონები საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ცხადდებოდა, ისე ვერ გამოაცხადებდა.
დაცვის მხარის დაკითხვის დასრულებისთანავე, პროკურორმა ირაკლი მარშანიამ მოწმეს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ამონარიდი წაუკითხა, სადაც მოწმე ამბობს:
„საჭირო ნებართვების გაცემა რომეო მიქაუტაძის ხელში იყო და მის გარეშე სათანადო ნებართვების გაცემა შეუძლებელო იყო… მიქაუტაძეს აშკარა ინტერესი ჰქონდა და ხსენებული კომპანიები – „მომავლის ენერგია“ და „ნახიდური“ მისი საკუთრება იყო“.
პროკურორმა მას ჰკითხა, რა ნებართვებს გულისხმობდა.
“ჩვენებაში კურაციის ფარგლებში განსახორციელებელ ქმედებებს ვგულისხმობდი”,- განაცხადა ტურაშვილმა.
პროკურორის კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ საიდან იცოდა მან, რა ინტერესი ჰქონდა მიქაუტაძეს, მოწმემ უპასუხა, რომ “ეს გახლდათ მისი აღქმა”.
დაკითხვის დასრულების შემდეგ მხარეებმა განსხვავებულად განმარტებს მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენების შინაარსი, პროკურორს მიაჩნია, რომ ჯუბო ტურაშვილმა მათი ბრალდება გაამყარა, დაცვის მხარე კი ფიქრობს, რომ მოწმემ ბრალდებულის სასარგებლო ჩვენება მისცა.
პროკურორ, ირაკლი მარშანიას მტკიცებით, მოწმემ დაადასტურა, რომ რომეო მიქაუტაძეს ჰქონდა აშკარა ინტერესი კონკრეტული კომპანიების მიმართ, მათ ლობირებდა; განაცხადა, რომ ყველამ იცოდა მის სამსახურში, რომ ეს კომპანიები იყო რომეო მიქაუტაძის.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, მოწმის დაკითხვის რომელმა ეპიზოდმა დაადასტურა, რომ რომეო მიქაუტაძე კომპანიებს “მომავლის ენერგია“ და „ნახიდურჰესი”, ლობირებდა, პროკურორმა უპასუხა:
„ყველა სისხლის სამართლის საქმე გარკვეულწილად ფაზლია, უნდა აიწყოს და საბოლოო სურათი იქნება ბოლოს….რომეო მიქაუტაძის ჩათვლით სულ დასაკითხია 117 პირი, ასევე წარვადგენთ წერილობით მტკიცებულებებს და დავადასტურებთ, რომ რომეო მიქაუტაძე მონაწილეობდა სხვადასხვა კორუფციულ სქემებში და მან ჩაიდინა უკანონო შემოსავლის, დაახლოებით 8 400 000 ლარის ლეგალიზაცია“.
ადვოკატი ბექა ნაცვლიშვილის აზრით, კი მოწმის ჩვენება პროკურატურის მიერ საწინააღმდეგოს მტკიცების მიუხედავად „მამხილებლად ვერ ჩაითვლება“.
მისი თქმით, მოწმემ განმარტა, რომ რომეო მიქაუტაძე ყოველთვის მოქმედებდა კანონის დაცვით, ყოველთვის მოქმედებდა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, მას არასოდეს არ მიუღია რომეო მიქაუტაძისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო მითითება და არც სხვისგან გაუგია, რომ ვინმე სხვა თანამშრომლისთვის მიეცა ასეთი მითითება.
„დასახელებულ ორ შპს-სთან მიმართებაში მოწმემ ჯერ პირდაპირი დაკითხვისას, შემდეგ უკვე დაცვის მხარის შეკითხვებზეც განმარტა, რომ უბრალოდ მუსირებდა რაღაც ხმები, რომ რომეო მიქაუტაძეს შესაძლოა ჰქონდა რაღაც დაინტერესება ამ კომპანიების მიმართ, თუმცა ის ვერ უთითებს ვერც წყაროს, ვინ საუბრობდა, მან არ იცის, საიდან გადიოდა ეს ხმები კონკრეტულ სამინისტროში, შესაბამისად, ის საუბრობს, რომ ეს იყო მისი აღქმა და არა ფაქტი“, – ამბობს ადვოკატი და აგრძელებს მოწმის ნათქვამის შეფასებას:
„მოწმემ თავად განმარტა, თუ რას გულისხმობდა ნებართვებში, როდესაც ამ გამოკითხვის ოქმში საუბარია, რომ რომეო მიქაუტაძეს თითქოს ჰქონდა რაღაც გავლენების შესაძლებლობა ნებართვების გაცემის პროცედურებზე. მან განმარტა, რომ ეკონომიკის სამინისტრო საერთოდ არ გასცემს არანაირ ნებართვას და ნებართვებში ის გულისხმობდა მემორანდუმის გაფორმებას კომპანიებთან და ეს რომეო მიქაუტაძის არათუ გავლენა, არამედ პირდაპირი ვალდებულება იყო ამ პროცესში მონაწილეობა“.
რომეო მიქაუტაძემ სასამართლო სხდომაზე თავადვე განაცხადა, რომ კომპანია „ჯეოქრაფტის“ მეწილეები (ეს კომპანიაც ფიგურირებს საქმის მასალებში და ბრალდების ეპიზოდში) რომეო მიქაუტაძის მეგობრები არიან:
„თუმცა ჩემგან კომენტარის გაკეთება იმაზე, თუ რატომ გაუჩნდა მოწმეს აღქმა მაშინ, როდესაც თავადვე განმარტა, რომ რომეო მიქაუტაძისგან არც „ჯეოქრაფტთან“ მიმართებაში არ მიუღია არანაირი მითითება ან მინიშნება, რომ ის მისი მეგობრების იყო და მათთვის მიუნიჭებია რაიმე სახის უპირატესობა, ეგ ჩემთვის უცნობია“, – ამბობს ადვოკატი.
გამოძიების ვერსიით, რომეო მიქაუტაძე მფარველობდა შპს „ჯეოკრაფტს“ და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში ოფიციალურად წილი არ გააჩნდა, რეალურად მის მართვაში მონაწილეობდა. ეს კომპანიაც ენერგეტიკის დარგშია ჩართული.
პროკურატურის ცნობით, 2021 წელს, რომეო მიქაუტაძემ, როცა ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, „ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით“, დაეხმარა კომპანიის მეწილეებს, მათი კუთვნილი მეორე კომპანიის 4 224 000 აშშ დოლარად გასხვისებაში, რის სანაცვლოდაც ჯამში 400 000 აშშ დოლარი „უკანონოდ მიიღო“.
დღეს გახდა ცნობილი, რომ ირაკლი კობახიძის მთავრობამ ათობით ენერგეტიკული პროექტის განხილვა შეწყვიტა, რომლებზეც საინვესტიციო შეთანხმებები (მემორანდუმები) არ იყო გაფორმებული.
BMG-ის ცნობით, ეს პროექტები ძირითადად წარდგენილი იყო პირდაპირი კონტრაქტების შეთანხმების პროგრამის ფარგლებში და მათ განხილვებში მონაწილეობდა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე,
გაუქმებული პროექტები მოიცავს ჰესებს, მზისა და ქარის ელექტროსადგურებს. არაერთი მათგანის შესახებ საქმის წარმოება დაიწყო წინა პრემიერმინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდში, (წლები მივუთითოთ) თუმცა მათზე ოფიციალური საინვესტიციო შეთანხმება საბოლოოდ აღარ გაფორმებულა.
