იაპონიას პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

იაპონიის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი სანაე ტაკაიჩი. 64 წლის სანაე ტაკაიჩი იაპონიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია.
იაპონიის პარლამენტში დღეს, 21 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე ლიბერალ-დემოკრატებმა და „ინოვაციების პარტიამ“ კოალიცია შექმნეს. მანამდე, 4 ოქტომბერს ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ ახალ თავმჯდომარედ სანაე ტაკაიჩი აირჩია.
იაპონიის უმსხვილესი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია 26 წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია „კომეიტოსთან“ ერთად. სამთავრობო კოალიცია „კომეიტომ“ დატოვა მას შემდეგ, რაც ლიბერალ-დემოკრატებმა პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატორი წევრი სანაე ტაკაიჩი და არა უფრო ზომიერი კანდიდატი.
ლიბერალ-დემოკრატების მიერ „ინოვაციების პარტიასთან“ ახალი კოალიციის შექმნამ უზრუნველყო პრემიერ-მინისტრად სანაე ტაკაიჩის დამტკიცება. მას ხმა მისცა 237-მა დეპუტატმა.
თავად ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევნები მას შედეგ ჩატარდა, რაც 2025 წლის სექტემბერში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შიგერუ იშიბამ გამოაცხადა, რომ ტოვებს პარტიის თავმჯდომარის და შესაბამისად, პრემიერის თანამდებობასაც.
იაპონიის პრემიერ-მინისტრად დღეს დამტკიცებულმა სანაე ტაკაიჩიმ პოლიტიკური საქმიანობა 1990-იან წლებში დაიწყო. 1993 წელს პირველად აირჩიეს პარლამენტის წევრად, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. 1996 წელს ტაკაიჩი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. 2014 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრად. 2022 წელს იაპონიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ სანაე ტაკაიჩი დანიშნა სახელმწიფო მინისტრად ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში.
სანაე ტაკაიჩი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ კენჭს იყრიდა 2024 წლის სექტემბერშიც, თუმცა მეორე ტურში დამარცხდა შიგერუ იშიბასთან.
როგორც Associated Press-ი წერს, იაპონიაში ბევრი მიიჩნევს, რომ სანაე ტაკაიჩის პრემიერობა არ ნიშნავს გენდერული თანასწორობის საკითხებში პროგრესის მიღწევას. მაგალითად, ტაკაიჩი ეწინააღმდეგება ქორწინების შემდეგ ქალების მიერ თავიანთი გვარის შენარჩუნებას, ერთსქესიანთა ქორწინებას დ იაპონიის სამეფო ტახტის მემკვიდრეებს შორის ქალების ყოფნას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”