ზუსტად 117 წლის წინ, 9 სექტემბერს, თბილისში ალექსანდრე ქართველიშვილი (ქართველი) დაიბადა, მეოცე საუკუნის ლეგენდარული ავიაკონსტუქტორი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი გახდა.
117 წლის შემდეგ, ალექსანდრე ქართველის დაბადების დღე, მშობლიურ თბილისში, საქართველოს ისტორიაში პირველი ავია-შოუთი აღნიშნეს.
ავიაშოუზე უმაღლესი პილოტაჟის ელემენტები თავდაცვის სამინისტროს, სახმელეთო ჯარების საავიაციო ბრიგადის შეიარაღებაში მყოფმა SU-25 “სკორპიონსებმა” შეასრულეს. თბილისის ცაზე ასევე იფრინეს, ჩეხური წარმოების, L-39 ალბატროსის ტიპის, სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავებმა.
ალექსანდრე ქართველი არის ამერიკის სამხედრო ავიაციის ფუძემდებელი.მისი სახელის პოპულარიზაცია, მისი ღვაწლის აღნიშვნა, ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რა ღრმაა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და მეგობრობა.“ ირაკლი ალასანია
საქართველოს ისტორიაში პირველი სამხედრო ავია-შოუ ორმა პარაშუტისტმა გახსნა. ისინი АN-2 ტიპის თვითმფრინავიდან გადმოხტნენ და ცაში სიმბოლურად საქართველოს და ამერიკის შეერთეებული შტატების სახელმწიფო დროშები გაშალეს.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომლის იდეაც გახლდათ პირველი ქართული ავია შოუთი ალექსანდრე ქართველიშვილის გახსენება, კერძოდ აღნიშნა:
„ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ავია შოუ პირველად იმართება, არამედ იმით, თუ ვისაც ეძღვნება. ეს არის ალექსანდრე ქართველი, რომელიც ამერიკის სამხედრო ავიაციის ფუძემდებელია.
მისი სახელის პოპულარიზაცია, მისი ღვაწლის აღნიშვნა, ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რა ღრმაა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და მეგობრობა.“
ალექსანდრე ქართველიშვილი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ავიაციით პირველად მშობლიურ თბილისში დაინტერესდა. გასული საუკუნის 10-იან წლებში, იგი ჰაერნაოსნობის წრის აქტიური წევრი იყო.
1919 წელს, ცნობილი ქართველი იურისტის მიხეილ ქართველიშვილის ვაჟი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ სასწავლებლად საფრანგეთში მიავლინა.
ქართველიშვილმა პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლა დაამთავრა და ასევე მონაწილეობდა მიიღო, თოთხმეტ ადგილიანი სამოქალაქო თვითმფრინავის Bernard-60 ისა და ერთადგილიანი Bernard-Ferbois V.2-ის შექმნაში.
1927 წლიდან ქართველიშვილი უკვე აშშ-ში, ნიუ იორკშია, სადაც იგი შეუერთდა, ავიაციით გატაცებული მულტიმილიონერის ჩარლზ ლევინის მიერ შექმნილ ავიაკონსტრუქტორთა გუნდს.
1931 წელს, ქართველიშვილი, ასევე თბილისში დაბადებულ ალექსანდრე სევერსკის კომპანიაში Republic Aviacorporation-ში გადადის და მთავარი ინჟინერი ხდება.
„მეხთამფქვევებმა“ ნახევარ მილიონზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელეს, რა დროსაც – მტრის 4000 თვითმფრინავი, 9000 სარკინიგზო შემადგენლობა, 86 ათასი სატვირთო ავტომანქანა და 6 ათასი ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ანუ ქართველის Republic P-47 Thunderbolt უზარმაზარი წვლილი შეიტანა, მეორე მსოფლიოში მოკავშირეების გამარჯვებაში
ყველაზე დიდი წარმატება სწორედ მეორე მსოფლიო ომის პერიოდზე მოდის. ქართველიშვილი ქმნის ლეგენდარულ „მეხთამფქვევს“, Republic P-47 Thunderbolt, რომელიც ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი ავიაგამანადგურებელი ხდება.
სულ 1942-66 წლებში, აშშ-ში 15 600 ასეთი ავიაგამანადგურებელი გამოუშვეს. ომის დროს, ქართველიშვილის ავიამოიერიშეებს ასევე იყენებდნენ დიდი ბრიტანეთის, საბჭოთა კავშირისა და იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალები.
მიუხედავად იმისა, რომ Republic P-47 Thunderbolt საბრძოლო ნათლობა მეორე მსოფლიო ომში, მხოლოდ 1943 წლის აპრილში შედგა, „მეხთამფქვევებმა“ საბოლოო ჯამში, ევროპასა და წყნარ ოკეანეში, ნახევარ მილიონზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელეს. რა დროსაც – მტრის 4000 თვითმფრინავი, 9000 სარკინიგზო შემადგენლობა, 86 ათასი სატვირთო ავტომანქანა და 6 ათასი ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ანუ ქართველის Republic P-47 Thunderbolt უზარმაზარი წვლილი შეიტანა, მეორე მსოფლიოში მოკავშირეების გამარჯვებაში.
1947 წელს ქართველიშვილმა ასევე შექმნა Republic F-84 Thunderjet, პირველი რეაქტიული ავიაგამანადგურებელი, რომელიც ნატოს ქვეყნების შეიარაღებაში გამოჩნდა.
Republic F-84 Thunderjet აქტიურად გამოიყენებოდა კორეის ომში საბჭოთა წარმოების MIG-15-ის წინააღმდეგ. ეს იყო პირველი ერთადგილიანი, ამერიკული ავიაგამანადგურებელი, რომელსაც ატომური ბომბის წაღება შეეძლო.
1958 წელს, ქართველიშვილის ახალი პირმშო Republic F-105 Thunderchief გამოჩნდა, ეს ავიაგამანადგურებელი აქტიურად უკვე ვიეტნამის ომში გამოიყენებოდა.
ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს NASA დაკვეთით, ქართველიშვილი 1959-70-იან წლებში, ქართველი ასევე მონაწილეობდა ექსპერიმენტული თვითმფრინავის X-15-ის შექმნაში.
ალექსანდრე ქართველიშვილი წლების მანძილზე მუშაობდა და ცხოვრობდა ფარმინგდეილში, ნიუ იორკის კუნძულ ლონგ-აილენდზე, სადაც Republic Aviation-ის შტაბ-ბინა მდებარეობდა.
ლეგენდა გარდაიცვალა 77 წლის ასაკში, 1974 წლის 20 ივლისს. მემკვიდრე არ დარჩენია. ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებას 7 წლის მანძილზე იკვლევდა ქართველი რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი, სწორედ მან აღმოაჩინა ხელახლა ქართველიშვილის საფლავი ლონგ-აილედზე.
აპრილში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო პროექტი “ალექსანდრე ქართველი და აშშ-ის სამხედრო ავიაცია“. აგვისტოს ბოლოს კი, ლეგენდარული ავიაკონსტრუქტორის საფლავი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მოინახულა. რამაზ ბლუაშვილი ამბობს:
„ალექსანდრე ქართველიშვილი იყო ლეგენდარული ქართველი და ამერიკელი ავიაკონსტრუქტორი, შექმნა 14 ლეგენდარული თვითმფრინავი რამაზ ბლუაშვილი
„ალექსანდრე ქართველიშვილი იყო ლეგენდარული ქართველი და ამერიკელი ავიაკონსტრუქტორი, შექმნა 14 ლეგენდარული თვითმფრინავი. ჩემი აზრით, დღეს დაიწყო ეს პროექტი და ამ პროექტის ფარგლებში გადავიღებთ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს, ჩამოვიყვანთ ქართველიშვილის შექმნილ ერთ-ერთ თვითმფრინავს და დაიწერება წიგნი მის შესახებ ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად.“
დღესვე, თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა ოფიციალურად ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის გახდა. ახლო მომავალში კი დაგეგმილია მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღება, რომელშიც ალექსანდრე ქართველიშვილს როლს, წინასწარი ინფორმაციით, ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე შეასრულებს.
თბილისში ალექსანდრე ქართველიშვილის მუზეუმისთვის კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალურად ჩამოიყვანენ, ქართველიშვილის შექმნილ ერთ-ერთ თვითმფრინავს, რომელიც საქართველოში სამუდამოდ დაიდებს ბინას.