აქციაზე სახის დაფარვისა და გზის გადაკეტვის საბაბით კიდევ 5 პირს შეუფარდეს პატიმრობა

აქციაზე სახის დაფარვისა და გზის გადაკეტვის საბაბით, 20 ოქტომბერს კიდევ 5 მოქალაქეს შეუფარდეს პატიმრობა.
აქციაზე სახის დაფარვის საბაბით, მოსამართლე ნინო ენუქიძემ მონაცემთა ანალიტიკოსსა და პოეტ საბა ჯაფარიძეს 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

„რამდენი დღეც არ უნდა შემიფარდოთ, ზუსტად მაგდენი დღე არ ვიქნები მე რუსთაველზე. ისე ვიდგები იქ ყოველდღე, თუნდაც სანამ არ გათავისუფლდებიან პატიმრები“, — მიმართა მოსამართლეს საბა ჯაფარიძემ.
აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ „ფორმულას“ ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ქეთა ციცქიშვილს 12 წლის შვილი ჰყავს. ის მარტოხელა დედაა.
„იმდენჯერ ახსენა ჩემი შვილი ამ ადამიანმა [გულისხმობს -ს წარმომადგენელს], უნდა ვუპასუხო. საერთოდ არ ვაპირებდი ამ პროცესზე არაფრის თქმას. ჩემი შვილისთვის ვდგავარ იქ. თუ გყავს შვილი, შენი შვილისთვისაც ვდგავარ. შენ რისთვის ზიხარ აქ, ეგეც გასაგებია“, — მიმართა ქეთა ციცქიშვილმა -ს წარმომადგენელს.
აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით, მოსამართლე თორნიკე ქორქიანმა აქტივისტ თამარ თოთლაძეს 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს თემო სარალიძეს და 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ნინო ბერუაშვილს. მათაც აქციაზე ყოფნისას გზის „ხელოვნურ გადაკეტვას“ და/ან სახის დაფარვას ედავებოდნენ.
18 ოქტომბრის აქციაზე გზის „ხელოვნურად გადაკეტვის“ და/ან სახის დაფარვის საბაბით, მეორე დღეს, 19 ოქტომბერს 14 ადამიანი დააკავეს და მათ უმეტესობას, 9 მათგანს პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორისაა ჟურნალისტი ვახო სანაია. შსს-მ განაცხადა, რომ კიდევ 13 ადამიანი ჰყავდათ იდენტიფიცირებული და სამართალწარმოება მათ მიმართაც მიმდინარეობდა. 20 ოქტომბერს დაკავებული კიდევ 5 ადამიანი სწორედ ამ 13 პირში მოიაზრებოდა.