“წ-მ უთხრა, ეს გორსალები რომ დამიჩაგრე, აბა, მე თუ მომერევი, შე ხახაასახევოო… უკან არ დაიხია ყ-მ” – სიტყვის – “შეურაცხყოფა” – ფონეტიკური ისტორია

რა კარგად ვმეცადინეობდით… მინდა გიამბოთ სიტყვის – “შეურაცხყოფა” – ფონეტიკური ისტორიის შესახებ. ადრე, უხსოვარი დროიდან, იყო ორი სიტყვა – შეურაცხი და ყოფა. მერე ესენი შეუღლდნენ… არიან ერთ სულ და ერთ ხორც, მაგრამ ისეთი ჩიქორთული ბგერები აღმოაჩნდათ, ანუ ისეთი მყრალი ხასიათი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან მტკივნეულად აღიქვამს მათ ურთიერთობას. არადა, ვინ ეკითხება ამათ?! რა ვალდებულება აქვთ იმათ მიმართ, ვისაც წარმოთქმის და აღქმის პრობლემა აქვს?! შეურაცხ+ყოფა! აი, ასე! მაგრამ საქმე ისაა, რომ შეცდომას განაპირობებს ერთი პიკანტური ამბავი… ფონეტიკასაც აქვს პიკანტური ამბები (მაგალითად, ჰარმონიული ჯგუფი ტყ), მორფოლოგიასაც და სინტაქსი საერთოდ ეროტიკული პერვერტობის მამაა… გინა დედა… ვისთვის როგორ… იყო დრო, “შეურაცხის” ორი ბგერა, ც და ხ ძალიან კარგად ეგუებოდა ერთმანეთს… ერთი ფშვინვიერი, მეორე – უბრალოდ, დაბადებიდან ყრუ… საბოლოოდ, მაინც ორივე ყრუ, სადღაც ბოლოში თვლემდა, მაგრამ მოვიდა “ყოფა”, შემოჯლიგინდა თავისი მკვეთრი, ცალეული ხახისმიერით და დაეტაკა იმ ორ უდარდელ მცონარას… შედეგად, ისე დაარეტიანა, რომ ც-მ და ხ-მ საშველად იხმეს წ (წინანუნისმიერი სამეულის (ძწც), მეორე ლიდერი, გვერდითა სუფრის თამადა – ალავერდს ვისთანაც გადადიან ხოლმე, მკვეთრი და წიკვინა)… დიახს’თ, მეგობრებო! მაინც ცხ+ყ! მესმის, რომ ამ სამის ერთად გამოთქმა ძალუმად გაჭირდა, მაგრამ ც-მ და ხ-მ აიფარეს უფროსი ძმასავით წამოშველებული, გაძალიანებული წ და ასე დაუხვდნენ აყელყელავებულ ყ-ს. წ-მ უთხრა, ეს გორსალები რომ დამიჩაგრე, აბა, მე თუ მომერევი, შე ხახაასახევოო… უკან არ დაიხია ყ-მ. შენ თუ იდგები მანდ, ხო კაი, თუ არადა, მაგ ბოთეების დანახვაზე თავზედ ცეცხლი მედებაო! მოკლედ, გადაწყდა: წარმოთქმის დროს, ენაბრგვილობა რომ არ შეეყაროს კაცს, წ გამოვა ხოლმე სცენაზე, მაგრამ აფიშაზე ც და ხ არიან მოხსენიებული… ასეთია ამ რთულხასიათიანი და აუცილებლად მოსახსენიებელი სიტყვის ფონეტიკური ისტორია და შეგიძლიათ თანაუგრძნოთ მის ტანჯვას და წამებას ქართულ მეტყველებასა და მართლწერაში…