„ფორმულის“ ცნობით, პოლიციამ დააკავა ტელეკომპანიის კიდევ ერთი ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი. გუშინ დააკავეს ტელეწამყვანი ვახო სანაიაც.
„ფორმულა“ წერს, რომ ჟურნალისტი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.
„ჩემამდეც მოვიდნენ! მომაკითხეს მილიციელებმა“, – დაწერა ციცქიშვილმა ფეისბუკზე დღეს, 20 ოქტომბერს, დღის პირველის ნახევრისთვის.
„რომ ჰგონიათ, ან მე შემეშინდება, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ან ჩემს რომელიმე მეგობარს. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“, – წერს ჟურნალისტი.
ციცქიშვილის კოლეგა ვახო სანაია ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პოლიციამ კვირას, 19 სექტემბერს, დააკავა, წინა საღამოს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო.
ქეთა ციცქიშვილი კი დღეს, 20 ოქტომბერს, დააკავეს.
19 ოქტომბერს დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ, „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონმდებლობით, 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.
დაკავებები დღეს, 20 ოქტომბერსაც, გრძელდება.
