ბოლო სამ არჩევნებში, პროტესტსა და გამოკითხვებში ჩანს, ხალხს ევროპა სურს, მთავრობას კი არა – ევროკომისარი კოსი

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირი გმობს საქართველოს ხელისუფლების „ცრუ ნარატივებს და თავდასხმებს ევროპულ ინსტიტუტებზე“.
მან ეს კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე. სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ.
„საქართველოს ხალხმა ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში აჩვენა, ასევე გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, – მაგრამ ეს არ სურს მთავრობას“, – თქვა მან.
„როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული“, – განაცხადა მარტა კოსმა და დასძინა:
„ოპონენტები, როგორც იცით, დაპატიმრებული არიან, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კი ადუმებენ“.
მან ისაუბრა ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციაზე, მათ შორის, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მხრიდან:
„ჩვენ ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე“.
„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი“, – განაცხადა მარტა კოსმა.
იქვე კომენტარი გააკეთა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა, – რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა. ის გასულ კვირაში საქართველოში დააჯარიმეს აქციაზე ყოფნის გამო.
მან განაცხადა, რომ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში.