პოლიციამ მომიტინგეებს, რომელთაც რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან

აქციის მონაწილეებს, რომელთაც ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს, პოლიციამ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„მოგიწოდებთ გადახვიდეთ გზის სავალი ნაწილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, – მიმართა პოლიციამ მომიტინგეებს.
აღნიშნულ მოწოდებას მოქალაქეები სტვენით და შეძახილებით შეხვდნენ, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა კვლავ გადაკეტილია, მოქალაქეები ტერიტორიაზე რჩებიან.
შეგახსენებთ, ამოქმედდა კანონი, რომლის საფუძველზეც, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები კიდევ უფრო გამკაცრდა. ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა იწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
სწორედ აღნიშნული კანონმდებლის საფუძველზე პოლიციამ დღეს 14 პირი დააკავა, რომელთა შორის არის ჟურნალისტი ვახო სანაია. დაკავებულებს 18 ოქტომბრის აქციაზე ტრანსპორტის სავალი ნაწილის “ხელოვნურად გადაკეტვას” და სახის შენიღბვას ედავება. მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა სასამართლომ უკვე შეუფარდა, ნაწილი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს, ნაწილის პროცესები კი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.