“ლელო – ძლიერი საქართველო” 18 ოქტომბრის აქციაზე გზის გადაკეტვასა ან “სახის დამალვის” გამო დაკავებულ ადამიანებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების რეპრესიებმა ახალი მასშტაბი მიიღო და “ერთი ერთში იმეორებს პუტინის გზას.”
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპული საბჭოში დაგეგმილ სხდომამდე მოქალაქეების აღნიშნული მიზეზით დაკავება, “ოცნების” მიერ ევროკავშირის თანამშრომლობის ყველა ფორმატის გაუქმებას ემსახურება.
“ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკური რეპრესიების ახალ მასშტაბზე გადავიდა, რომლის მსგავსიც აქამდე მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი.
დღევანდელი დაკავებები არის ნათელი დადასტურება იმისა, რასაც ვამბობდით – ეს ე.წ. ხელისუფლება არის რუსული და ერთი ერთში იმეორებს პუტინის გზას.
დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესი არის ძალაუფლების მიტაცების ახალი ეტაპი, რომელიც საბოლოო ჯამში თითოეულ მოქალაქეს შეეხება.
ევროპული საბჭოს დაგეგმილი სხდომის წინ დაკავებების ახალი სერია ქვეყნის მიზანმიმართული საბოტაჟია, რომლის მიზანიც არის ევროკავშირის მხრიდან თანამშრომლობის ყველა ფორმატების საბოლოო გაუქმება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მომავალს ართმევს ჩვენს ქვეყანას.
“ქართულ ოცნებას” სურს დაიჭიროს ყველა, ვინც მას არ ეთანხმება. დღეს რეჟიმის პოლიცია ქუჩის გადაკეტვით პროტესტის გამოხატვის გამო აკავებს ადამიანებს, ხვალ კი, უბრალოდ, ხმამაღლა საკუთარი მოსაზრების გამოხატვის გამო შემოიღებს პატიმრობას.
ეს არის საბჭოთა რეჟიმის შემობრუნების მცდელობა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გამოფხიზლდნენ. მათ უკვე აქვთ კარგი მაგალითი იმისა, რომ ივანიშვილისთვის ისინიც ისეთივე სამიზნეები არიან, როგორც სხვა მოქალაქეები. ივანიშვილი და კობახიძე შეეცდებიან დააკავონ ყველა, ვინც მათ არ დაეთანხმება.
დღევანდელმა დაკავებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს არცერთი მოქალაქე აღარ არის უსაფრთხოდ მანამ, სანამ ძალაუფლება ივანიშვილს აქვს მიტაცებული. ეს უნდა დასრულდეს!
“ძლიერი საქართველო-ლელოს” პოლიტიკური გუნდი გმობს უდანაშაულო ადამიანების დაკავების თითოეულ ფაქტს!
თავისუფლება პოლიტიკურ ტყვეებს!”, – წერია განცხადებაში.
14 ადამიანი “ოცნების” პოლიციამ გზის გადაკეტვისა და “სახის დამალვის” გამო დღეს დააკავა.
ერთ-ერთი დაკავებული, თორნიკე თხილავა სასამართლომ გაფრთხილების საფუძველზე უკვე გამოუშვა, ხოლო ლევან მარგიანს 6-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.
დაკავებულთა შორის ფორმულას ჟურნალისტი, ვახო სანაიაა.