ვახო სანაია, ლაშა ჩხარტიშვილი, ლაშა ჯაბავა… – გზის გადაკეტვისთვის სულ მცირე 10 პირია დაკავებული

სავარაუდოდ, გზის გადაკეტვისთვის პოლიციამ დილიდან სულ მცირე 10 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად სავარაუდოდ დაკავებული პირები ან მათი ახლობლები ავრცელებდნენ.
გავრცელდა რამდენიმე სავარაუდო დაკავების ვიდეო მასალაც, რომელშიც ისმის, რომ -ს თანამშრომლები მოქალაქეებს უმარტავენ, რომ ისინი დაკავებულები არ არიან, თუმცა მათთან დაკითხვაზე წაყოლას სთხოვენ.
სავარაუდოდ დაკავებულთა სია ასეთია: ვახო სანაია; ლაშა ჩხარტიშვილი; ლევან ჯობავა; შალვა ჩუბინიძე; ნინო სვანიძე; ლარა ნაჭყებია; თორნიკე თხილავა; ლევან მარგიანი; ვახო მაჭავარიანი; საბა ხომერიკი.
აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ერთ-ერთი დაკავებული პირის, ნინო სვანიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.
შსს სავარაუდო დაკავებების შესახებ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
მოვითხოვთ ვახო სანაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადებაშია ნათქვამი.
„ფორმულა“ ვახო სანაიას დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან.
არხი ვარაუდობს, რომ ჟურნალისტი ვახო სანაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.
„დღეს რეჟიმის პოლიციამ „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა. მას, სავარაუდოდ, ახალი რეპრესიული კანონებით, აქციაში მონაწილეობას ედავებიან. „ფორმულა“ მის დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან.
ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე, მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ.
ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.