Reuters-ის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა თავდასხმა მოაწყო ღაზაში.
ცნობას სააგენტო ავრცელებს ისრაელის მედიაზე (Channel 12) დაყრდნობით.
ამის ფონზე ისრაელი ადანაშაულებს ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი), რომ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის შუამავლობით გაფორმდა ღაზის სექტორში ომის დასრულების მიზნით.
სააგენტოს მოჰყავს ისრაელის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის ნათქვამი, რომ ჰამასმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელა “ყვითელი ზოლის” მიღმა და ამით დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
ისრაელმა და ჰამასმა 9 ოქტომბერს ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინიციატივო შეთანხმებას, რომლის პირველი ფაზაც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო საომარი მოქმედება დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ჰამასის ხელმძღვანელობით ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმის საპასუხოდ. ჰამასის მეთაურობით შეტევას ისრაელის სამხრეთში ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. ისრაელის მონაცემებით, 251 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს.
ღაზაში ისრაელის არმიის თავდასხმებმა სულ შეიწირა 67 000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესად სამოქალაქო პირები, მთლიანად განადგურებულია რეგიონის ინფრასტრუქტურა და დანგრეულია ქალაქები.