ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩრდილოეთ მაკედონიას მოუწოდა, კონსტიტუცია შეცვალოს და მასში ქვეყანაში მცხოვრები ბულგარული უმცირესობის არსებობა დააფიქსიროს. „ეს აუცილებელი ნაბიჯია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩრდილოეთ მაკედონიას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. თუმცა, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე თქვენ უნდა განახორციელოთ ადრე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ასე რომ, ევროკავშირი მზად არის, ბურთი კი თქვენს მოედანზეა“, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პლატფორმა „X“-ზე ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრ ჰრისტიან მიცკოსკისთან სკოპიეში შეხვედრის შემდეგ.
ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრაზე განიხილეს „ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რეფორმების პროგრესი, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ჩრდილოეთ მაკედონიის ციფრული ტრანსფორმაცია“.
შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებები არ გაკეთებულა. ამის მიზეზი ქვეყანაში 19 ოქტომბერს დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები უნდა იყოს – როგორც ჩანს, ხელისუფლებას სურს, პოლიტიკური განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება თავიდან აიცილოს.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპული კურსი სტაგნაციას განიცდის, რადგან სკოპიემ არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომლებიც 2022 წლის ზაფხულში ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე აიღო. რეკომენდაცია ითვალისწინებს ჩრდილოეთ მაკედონიის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, ქვეყანაში მცხოვრები ბულგარული უმცირესობის დაფიქსირების მიზნით.
ეს რეკომენდაცია ჩრდილოეთ მაკედონიის წინა, ცენტრისტულ-მემარცხენე მთავრობამ მიიღო, მაგრამ მან ვერ შეძლო პარლამენტში 2/3-იანი უმრავლესობის უზრუნველყოფა კონსტიტუციის შესაცვლელად, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ჰრისტიან მიცკოსკის მემარჯვენე პარტია VMRO-DPMNE-ის („შიდა მაკედონური რევოლუციური ორგანიზაცია – დემოკრატიული პარტია მაკედონური ეროვნული ერთიანობისთვის“) წინააღმდეგობის გამო.
როგორც ბრიუსელმა, ისე სოფიამ არაერთხელ განუცხადეს ჩრდილოეთ მაკედონიას, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას ის მხოლოდ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ შეძლებს. თავის მხრივ, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრს, ჰრისტიან მიცკოსკის არაერთხელ უთქვამს, რომ სკოპიე „ბულგარულ მოთხოვნებს“ არ მიიღებს და ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები არ შევა.
ჩრდილოეთ მაკედონიაში 2021 წელს ჩატარებული მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, ბულგარელები ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 0.2%-ს შეადგენენ (სულ 3 500 ადამიანი). ამას ოფიციალური სოფია ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაში ბულგარელების პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება ისტორიულ, ეთნიკურ და ლინგვისტურ საკითხებზე ათწლეულების განმავლობაში არსებობს. ჩრდილოეთ მაკედონიის ისედაც პრობლემური ურთიერთობები ბულგარეთთან განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2024 წლის ივნისში სკოპიეში ხელისუფლებაში პარტია VMRO-DPMNE მოვიდა.
სკოპიე ევროკომისიის პრეზიდენტის დასავლეთ ბალკანეთში სამდღიანი ტურნეს ბოლო გაჩერება იყო. აქ ჩასვლამდე ფონ დერ ლაიენი ალბანეთში, მონტენეგროში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სერბეთსა და კოსოვოში იმყოფებოდა.
ტურნეს მიზანი იყო რეგიონის ქვეყნების გაწევრიანების გზაზე ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება და 2024-2027 წლებზე გათვლილი 6-მილიარდიანი განვითარების გეგმის რეკლამირება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე დასავლეთ ბალკანეთის თანდათანობით ინტეგრირებას ისახავს მიზნად.
წყარო: 1 არხი
