4 ოქტომბრის საქმეზე გუშინ დაკავებულთაგან ოთხს პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი გირაო

18 ოქტომბერს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დააკმაყოფილა პროკურორ ქეთევან სონიძის შუამდგომლობა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 4 პირს – იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, თემურ ქურციკიძესა და გიორგი ტალახაძეს – აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მარიამ მეყანწიშვილს კი – 10 000-ლარიანი გირაო.
გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილსა და იური ლომიძეს ბრალი წარუდგინეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის კვალიფიკაციით. თემურ ქურციკიძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობს გარდა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან. მარიამ მეყანწიშვილს ბრალად ედება ჯგუფური მოქმედების ორგანიზება.
არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, რადგან „თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულებს [მოწმეებზე და დაზარალებულებზე] უკანონო ზემოქმედება შეეძლებათ “ და არსებობს ახალი დანაშაულის საფრთხე, „მათ შორის იმავე დანაშაულზე, რომლის მსგავსისთვისაც ისინი არიან წარმოდგენილი სხდომაზე“.
დაკავებულების ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფთაგან მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების რისკი არ არსებობდა და ითხოვდნენ, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდებინათ.
დღეს ამ ხუთი პირის გარდა პროკურატურამ კიდევ 11 პირს წაუყენა ბრალდება “სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის” საქმეზე.
მათგან ერთს, უცხოეთში მყოფ ირაკლი შაიშმელაშვილს, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
პროკურატურამ ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვა, გარდა მარიამ მეყანწიშვილისა, რომლის შემთხვევაშიც პროკურატურა “სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით” სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
პროკურორმა ქეთევან სონიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ რადგან მარიამ მეყანწიშვილს უფრო მსუბუქი მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში კი არსებობს არასაპატიმრო სასჯელის მისჯის შესაძლებლობაც და ბრალდების მხარე უფრო „ლმობიერია“.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულია 62 პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის ს დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.

ასევე დაგაინტერესებთ