რუსეთს რეკრუტირების პრობლემები აქვს

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ადამიანური რესურსების კუთხით სირთულეებს აწყდება, ის ამ მიმართულებით ძალისხმევას არათუ ამცირებს, არამედ აძლიერებს კიდეც“, – აცხადებს ს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მზადყოფნის დეპარტამენტის უფროსი, გერტ კაიუ.
რუსეთი იწყებს მიდგომების გადახედვას როგორც წვევამდელების, ისე კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცების მიმართ მას შემდეგ, რაც სამხედრო სამსახურში პერსონალის მოზიდვის ორივე ამ მეთოდმა სულ უფრო ნაკლები შედეგის მოტანა დაიწყო.
კაიუს თქმით, გასულ კვირას რუსეთმა ფრონტზე ოპერაციების ტემპი გაზარდა. დღეში თავდასხმების საშუალო რაოდენობამ 200-ს მიაღწია, რასაც თან ახლდა მსხვერპლის ზრდა – დანაკარგი დღეში ათასზე მეტ ჯარისკაცს შეადგენდა.
ბრძოლების ეპიცენტრად რჩება დონეცკის ოლქი, რომელზეც პრეტენზიას რუსეთი, ოფიციალურად, 2022 წლის სექტემბერში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ აცხადებს.
სამაგიეროდ, რუსულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ზაპორიჟიეს ოლქსა და პოკროვსკის მიმართულებით, სადაც რუსეთის სამხედრო აქტივობა ზაპორიჟიედან აღმოსავლეთით მიმავალ ლოჯისტიკის მარშრუტებს ემუქრება. „თუ რუსეთი ზაპორიჟიის ოლქში წინსვლას გააგრძელებს, ამან შესაძლოა ბრძოლის ეპიცენტრის დასავლეთით გადაწევა გამოიწვიოს“, – აღნიშნა კაიუმ პარასკევს, 17 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში საკანონმდებლო ცვლილების შემუშავების თაობაზე, რომელიც საომარი მდგომარეობის ან მობილიზაციის ოფიციალურად გამოცხადების გარეშე უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში რეზერვისტები გამოყენების უფლებას იძლევა.
„ეს ნიშნავს, რომ სარეზერვო მომზადების შეკრებების გავლის შემდეგ, შესაძლებელი გახდება ში საბრძოლო მოქმედებებში რეზერვისტების ჩართვა. ეს, უპირველეს ყოვლისა, იმ რეზერვისტებს ეხება, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან ე.წ. „მზადყოფნის კონტრაქტებს“ მოაწერეს ხელი“, – ამბობს ესტონეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ რეზერვისტებმა გაწვევის უგულებელყოფა გაბედონ.
„იმ რეზერვისტებს, რომლებიც გაწვევის შესახებ შეტყობინებას მიიღებენ და უგულებელყოფენ მას, ადრე თუ გვიან, დააკავებენ და გაგზავნიან სადამსჯელო შენაერთებში, რომლებიც ფრონტის ყველაზე რთულ სექტორებში იბრძვიან. ამის შიშით, დეზერტირთა რაოდენობა საკმაოდ დაბალი რჩება“, – აღნიშნა მან.
რუსეთმა ასევე შეცვალა გაწვევის პროცედურა: ნაცვლად იმისა, რომ ის ეტაპობრივად, წლის კონკრეტულ დროს ჩატარდეს, გაწვევა ახლა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. „ამის მიზანია, ერთი მხრივ, წვევამდელების მეშვეობით ვაკანტური სამხედრო პოზიციების შევსების უზრუნველყოფა, მეორე მხრივ კი, რეკრუტირების ბაზის გაფართოება“, – განმარტა კაიუმ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ფასიან კონტრაქტებზე გადავიდა, რათა ხალხი, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ღარიბი რეგიონებიდან, სამხედრო სამსახურში ჩაერთო, ადგილობრივ დონეზე კონტრაქტის გაფორმებისთვის გადახდილი თანხების ოდენობა შემცირდა.
„ადრე ისინი, კონტრაქტის გაფორმებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, სამ მილიონ რუბლს იხდიდნენ, ახლა კი ეს თანხა რამდენიმე ასეულ ათას რუბლამდე დაეცა“, – განაცხადა კაიუმ (სამი მილიონი რუბლი 32 000 ევროზე ოდნავ ნაკლებია).
მნიშვნელოვნად შემცირდა მოხალისე ჯარისკაცების ხარისხიც – ვინც კონტრაქტი გააფორმა, მათი ერთი მესამედი 45 წელს გადაცილებულია და ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა აქვს.
როგორც კაიუ ამბობს, საბრძოლო აქტივობის ზრდა, საკანონმდებლო ცვლილებები და მოხალისეთა ხარისხის დაცემა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი, სამშვიდობო შეთანხმებაზე ან ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრის მიუხედავად, ომის გასაგრძელებლად ძალისხმევას არ იშურებს.
„აშკარაა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი თავისი პოზიციის შეცვლას ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რაიმე მოლაპარაკებაში ჩართვას არ აპირებს“, – დაასკვნა კაიუმ.