კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გადაიქცა კონკრეტულ გაერთიანებად, რომლის ამოცანებიც უკავშირდება ქვეყნის დესტაბილიზაციას და მათ შორის შესაძლო ტერორისტული აქტების გამოყენებას – ყველა ადამიანი, თუკი თავისი აქტივობით დაკავშირებულია ამ ბოროტებასთან, რასაც ეს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდი სჩადის, რასაკვირველია, უნდა იყოს დადგენილი სამართლის წინაშე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც მმართველი გუნდი პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
ვოლსკის თქმით, სარჩელის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, შესაბამისად უცნობია, რომელ პოლიტიკურ სუბიექტებს შეეხება ის, თუმცა ადასტურებს, რომ სარჩელი სასამართლოში უახლოეს პერიოდში შევა.
„ჯერ არ ვიცით სარჩელის შინაარსი, ამ საკითხებზე მიდის მსჯელობა. არის ლაპარაკი იმაზე, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გადაიქცა კონკრეტულ გაერთიანებად, რომლის ამოცანებიც უკავშირდება ქვეყნის დესტაბილიზაციას და მათ შორის, შესაძლო ტერორისტული აქტების გამოყენებას. ეს არის ძალა, რომელიც სჩადიოდა პატარა ქვეყნისთვის გაუგონარ დანაშაულებს, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს. ყველა ადამიანი, თუკი თავისი აქტივობით დაკავშირებულია ამ ბოროტებასთან რასაც ეს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდი სჩადის, რასაკვირველია, უნდა იყოს დადგენილი სამართლის წინაშე და განხილვის საგანს უნდა წარმოადგენდეს ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება საკუთარი ქვეყნის დამარცხების მიზანს. მე არ ვიცი ვის წარადგენენ წინასწარ. უახლოეს პერიოდში სარჩელი შეტანილი იქნება, მერე უკვე დეტალურად შეგვიძლია ამ საკითხებზე მსჯელობა“,- განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხომ არ გაიზრდება საერთაშორისო წნეხი, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ წნეხი ისედაც არსებობს.
„საერთაშორისო ე.წ. პარტნიორებისგან წნეხი ისედაც არსებობს და რასაკვირველია, ეს წნეხი უფრო ეფექტური იქნება, თუ ჩვენ არ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რასაც ეროვნული ინტერესების დაცვა ჰქვია. მაგრამ ეს უნდა იყოს ობიექტურად გაკეთებული, ვინაიდან დროება იცვლება, სულ ასეთი მდგომარეობა არ იქნება მსოფლიოში და ის საფრთხე, რომელიც ემუქრება კაცობრიობას ზოგადად, განელდება და შეიცვლება პოლიტიკური კონიუნქტურა. მაშინ გამოჩნდება, გაირჩევა, დაიდება რეალური სურათი და ანალიზი. ამ დროისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მართალნი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და მართალნი უნდა ვიყოთ ჩვენი საზოგადოების წინაშე. არაერთხელ დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, რომ სისტემური სახე ჰქონდა იმ სადისტურ მართვას, რომელსაც 2012 წლამდე ეწეოდა სააკაშვილის გუნდი, თუ ასეთ ფონზე „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ მხარდაჭერა ექნება ზოგიერთი საერთაშორისო აქტორისგან და ჩვენზე გაძლიერდა ზეწოლა, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს სამართლიანობას და ეროვნულ ინტერესებს. მოვა დრო და ამით შეფასდება ისტორიის მიერ „ქართული ოცნების“ საქმიანობა და მოღვაწეობა“,- განაცხადა ვოლსკიმ.




