სახელმწიფო გორში იაპონური გრანტით აშენებულ თაფლის გადამამუშავებელ ქარხანას ყიდის | ოპოზიციაში სავარაუდო კორუფციაზე საუბრობენ

სახელმწიფო გორის მუნიციპალიტეტში აშენებულ თაფლის გადამამუშავებელ ქარხანას ყიდის – საწარმოს საწყისი ფასი თითქმის 2 მილიონი ლარია. შენობასთან ერთად იყიდება აღჭურვილობაც, რომლის დიდი ნაწილის შესყიდვა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ დააფინანსა.

იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი არ გამოჩნდება, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოუწევს ფასის დაკლება და აუქციონის ხელახლა გამოცხადება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კითხვით ნიშნებს აჩენს. მათი თქმით, მმართველ პარტიას ქარხნის გადაცემა, რომელიმე მაღალჩინოსნისთვის სიმბოლურ ფასად სურს.
“2012 წელს “ქართული ოცნების” ერთადერთი დაპირება იყო, რომ 100 მოგუგუნე ქარხანა უნდა გაეხსნათ, მაგრამ მოატყუეს საზოგადოება. 2018 წელს “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო და ააშენა გორში, თაფლის გადამამუშავებელი ქარხანა, თუმცა ჯერ არც გახსნილი ქარხანა, სადაც მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ყიდის. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ “ქართული ოცნება” აპირებს, ქართულ ჯიგრულ პონტში, რომელიმე ჩინოვნიკს სიმბოლურ ფასად შეასყიდოს და გაასხვისოს ეს პროექტი. გაჩნდა საზოგადოებაში, მოლოდინი, რომ დასაქმდებოდნენ, უკეთესი მომავალი ექნებოდათ, თუმცა ოცნებამ კიდევ ერთხელ მოატყუა ჩვენი მოსახლეობა დასცინა და აბუჩად აიგდო,” – ამბობს ბექა ქორჩილავა, გორის საკრებულოს წევრი ენმ-დან.
ცნობისთვის, თაფლის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ ბერბუკში 2018 წელს აშენდა. სოფლის განვითარების სააგენტოში ამბობდნენ, რომ ის დღიურად 2 ტონა თაფლს გადაამუშავებდა.