პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, სადაც ჩადებული იყო პრინციპი, რომ საქართველოში უნდა იყოს ხარისხიანი სწავლა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების ყოფნას, დამაგრებას და შრომით ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას მოემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განათლების სისტემაში დაანონსებულ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საკითხებზე მსჯელობა არ დასრულებულა და ის გაგრძელდება.
„პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, სადაც ჩადებული იყო პრინციპი, რომ საქართველოში უნდა იყოს ხარისხიანი სწავლა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების ყოფნას, დამაგრებას და შრომით ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას მოემსახურება. ასეთი განათლება გვინდა. რაც შეეხება თემას, რომელიც გულისხმობს მე-12 კლასის დამთავრების აუცილებლობას, მე-12 კლასი ფორმალურად, მხოლოდ იმისთვის არის შემოღებული, რომ სკოლის დამთავრებისთანავე, პირველივე კურსიდან საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალება იყოს. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა თქვა, რომ თემებზე განხილვა გავაგრძელოთ. შესაძლოა, შეიქმნას სპეციალიზებული სკოლები, რომელიც ორიენტირებული იქნება ამ მიმართულებაზე. ასე რომ, საკითხებზე მსჯელობა არ დამთავრებულა, მსჯელობა გაგრძელდება და ალბათ, ექსპერტები უფრო კარგად მოგახსენებენ ვიდრე მე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
