სოლომონ პავლიაშვილმა ლისაბონში, ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა – რა საკითხები განიხილეს?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ რიგით 25-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის მონაწილეებმა რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ინოვაციური ტექნოლოგიის შესახებ იმსჯელეს.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, სოლომონ პავლიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება.
მინისტრის მოადგილემ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით შექმნილ თანამედროვე ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, ახალი მიდგომების დანერგვის და ეფექტიანი შედეგების მისაღწევად, საჯარო და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელი პირობაა.
ლისაბონში გამართულ კონფერენციაში საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ბათუ გურჯიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოდან მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მქონე ის ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომელთა საქმიანობის სფერო საბურავების გადამუშავებაა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს